სმარტფონი აპლიკაციების გარეშე?! — ანდროიდის ახლებური კონცეფცია
ბოლო დროს ტექნოლოგიური სამყარო გამუდმებით მიმოიხილავს ხელოვნურ ინტელექტს (AI), გამონაკლისი კი ამ მხრივ არც წლევანდელი მსოფლიო მობილური კონგრესი ყოფილა. კომპანიებმა თავიანთი AI პროდუქტები და იდეები წარადგინეს, გერმანიის ტელეკომმა კი დამსწრეებს AI სმარტფონის საინტერესო კონცეფცია შესთავაზა.
კონცეპტუალური მობილური მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნება. გადმოცემის თანახმად, ექსპერიმენტული მოწყობილობა მომხმარებლის ყველა საჭიროებას არა აპლიკაციების, არამედ AI-ს დახმარებით აკმაყოფილებს.
კომპანიას სმარტფონების მომავალი შემდეგნაირად წარმოუდგენია:
"შემიძლია გითხრათ, 5-10 წლის შემდეგ აპლიკაციებს აღარავინ გამოიყენებს", — პრეზენტაციისას განაცხადა ტიმ ჰოტგესმა, გერმანიის ტელეკომის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ასეთი მოწყობილობა სხვადასხვა გზით შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტს კითხვები დავუსვათ, შედეგად კი იგი რჩევებს დააგენერირებს მოგზაურობასთან, საკვებთან ანდა პროდუქტებთან დაკავშირებით. შეიძლება ისიც მოხერხდეს, რომ სურათი გადავიღოთ და AI-ს ვთხოვოთ, იგი ჩვენს მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს გაუგზავნოს.
///
გერმანიის ტელეკომმა AI მობილური Qualcomm-სა და Brain.AI-სთან ერთად შექმნა. ცნობისთვის, Brain.AI-ს უკვე აქვს iOS აპლიკაცია, რომელსაც, მათი მტკიცებით, ის ყველაფერი შეუძლია, რასაც ახლებური მობილური აკეთებს. მიუხედავად ამისა, ამ აპლიკაციას უმეტესად უარყოფითი შეფასებები აქვს.
გასათვალისწინებელია, რომ AI მობილური ჯერ მხოლოდ და მხოლოდ კონცეფციაა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ასეთი ტექნოლოგია ხელშესახები არც არასოდეს გახდეს.
კომენტარები