არსებობს თუ არა მზის სისტემის მეცხრე პლანეტა
მეცნიერები მზის სისტემის მეცხრე პლანეტაზე დიდი ხანია ფიქრობენ. იმის გამო, რომ მას ვერ ვხედავთ, ზოგს მისი არსებობისაც არ სჯერა, ხოლო თუ ის არსებობს, პლანეტა მზის სისტემის კიდეში, გაზის გიგანტების მიღმა უნდა იყოს.
ფაქტია, რომ მზის სისტემის კიდეში ობიექტებზე რაღაცა ზემოქმედებს და სავარაუდოა, რომ მას დედამიწაზე ბევრად დიდი მასა აქვს.
ამ პლანეტის შესახებ ჯერ კიდევ 1906 წელს პერსივალ ლოუელი საუბრობდა. მისით შთაგონებული სამეცნიერო საზოგადოების ნაწილი იმ იდეის ერთგული რჩება, რის მიხედვითაც, ჩვენს მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა იმალება. მას მეტსახელად "პლანეტა X"-იც უწოდეს. თუ ის არსებობს, სავარაუდოდ, პლანეტა ნეპტუნის მიღმა უნდა იყოს.
არსებობს ვერსია, რომ მზის სისტემის "მეცხრე პლანეტა", საერთოდაც, პატარა შავი ხვრელია. მკვლევრებს ამ იდეისთვის სპეციალური ნაშრომიც აქვთ მიძღვნილი, რომელშიც გრეიპფრუტის ზომის, პატარა, სუპერმძიმე ობიექტია აღწერილი.
ასევე: მზის სისტემის "მეცხრე პლანეტა", შესაძლოა, პატარა შავი ხვრელი იყოს
არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რის მიხედვითაც, ეს იდუმალი ობიექტი საერთოდაც ყინულის გიგანტია.
ასევე: მეცხრე პლანეტა? — შესაძლოა, მზის სისტემაში ყინულის გიგანტი იმალებოდეს
ზოგადად, სხვა ვარსკვლავების გარშემო მბრუნავი პლანეტების აღმოჩენა უფრო მარტივია, ვიდრე პოტენციური მეცხრე პლანეტის. როდესაც პლანეტა ვარსკვლავს უახლოვდება, ასეთ დროს ის მომავალ სინათლეს ფარავს. ამ მოვლენაზე დაკვირვებისას ასტრონომები ხვდებიან, რომ ვარსკვლავის გარშემო პლანეტა ბრუნავს. სწორედ ასეთი მეთოდით, ბოლო წლებში მკვლევრებმა ასობით ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს.
თუმცა, უშუალოდ შიდა სისტემაში, ჩვენი პერსპექტივიდან მხოლოდ ვენერა და მერკური ბრუნავს მზის გარშემო ასე. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს ორი პლანეტა მზესთან უფრო ახლოს არის, ვიდრე დედამიწა. შესაბამისად, მათი "გარედან" დაკვირვება შეგვიძლია, განსხვავებით მზის სისტემის სხვა პლანეტებისგან, რომლებიც მზისგან უფრო შორს არის.
მეცხრე პლანეტის იდეა 2015 წელს კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ორმა ასტრონომმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ ნეპტუნის ორბიტაზე მოძრავ ექვს ციურ ობიექტზე კიდევ სხვა ციური სხეულის გრავიტაცია მოქმედებდა. მაშინ ასტრონომებმა დაუშვეს, რომ ეს მეცხრე პლანეტა იყო.
და აი ახლა, იგივე გუნდმა კიდევ უფრო დეტალური მონაცემები მოგვაწოდა.
The Astronomical Journal-ში გამოსაქვეყნებელ კვლევაში ასტრნომებმა მეტად დააკონკრეტეს ის, თუ სად შეიძლება იმალებოდეს მეცხრე პლანეტა. მათი თქმით, თუ ეს პლანეტა მართლაც არსებობს, ის მზის სისტემის კიდეში, გაზის გიგანტების მიღმა უნდა იყოს. რაც უახლოეს კვლევაში მოხდა ისაა, რომ მეცნიერებმა პლანეტის პოტენციური მდებარეობის 78% გამორიცხეს.
მკვლევრებმა ისიც დააკონკრეტეს, რომ პლანეტის სავარაუდო ორბიტა ძალიან დიდია და ის შეიძლება კომეტისასაც წააგავდეს.
"თუ მეცხრე პლანეტა არსებობს, ის ნამდვილად ძალიან შორსაა და მისი აღმოჩენა მარტივი არ იქნება", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
მეორე მხრივ, მკვლევრები იმასაც უშვებენ, რომ პლანეტა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.
კვლევის ნახვა arXiv-ზე შეგიძლიათ.
კომენტარები