მეცნიერებს მზის დაბლოკვით დედამიწის გაგრილება სურთ — როგორ
მეცნიერები ახალ იდეას იკვლევენ, რათა დედამიწაზე ტემპერატურის მატება შეაჩერონ. და აი ისიც, ისინი ფიქრობენ კოსმოსში სპეციალური "ქოლგები" გაუშვან, რათა დაბლოკონ მზისგან წამოსული სითბო.
როგორც New York Times იუწყება, მკვლევრები პროტოტიპის შესაქმნელად უკვე მზად არიან. ამის შესახებ მედიას, აშერის კოსმოსური კვლევითი ინსტიტუტის ფიზიკის პროფესორი და Technion-ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი, იორამ როზენი ესაუბრა.
თუმცა, არის ერთი დიდი პრობლემა: ფარი 1,6 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობზე უნდა იყოს გადაჭიმული. ეს დაახლოებით არგენტინის ტერიტორიაა.
ასეთი სტრუქტურის რაკეტით კოსმოსში გატანა წარმოუდგენელია, ამიტომ მკვლევრები სისტემის ნაწილ-ნაწილ გაგზავნას ფიქრობენ.
"კლიმატის ცვლილელბასთან საბრძოლველად ახალი გამოსავალი არსებობს და ჩვენ ამის ჩვენება გვინდა. ამისთვის, შედეგები ჯერ მცირე მასშტაბებზე უნდა ვაჩვენოთ", — განუცხადა როზენმა NYT-ს.
ეს იდეა ათწლეულებია არსებობს. თუმცა, ამჯერად იმის მაგივრად, რომ მზის მთლიანად დაბლოკვა მოხდეს, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ გლობალური დათბობის შედეგების შესამცირებლად ჩვენი ვარსკვლავის რადიაციის მხოლოდ ერთიდან-ორ პროცენტამდე უნდა დავბლოკოთ.
თუმცა, ყველა არ ეთანხმება ამ იდეას. კრიტიკოსებმა NYT-ს განუცხადეს, რომ მზის ფარის გამოყენება წარმოუდგენლად რთული და არარეალური იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმ ტემპს, რომლითაც გლობალური დათბობა ჩქარდება. მათი აზრით, ასევე რთული იქნება ისეთი ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც კოსმოსში ასეთ ექსტრემალურ პირობებში მზისგან დიდხანს დაგვიცავს.
მიუხედავად კრიტიკისა, როზენი და მისი გუნდი სერიოზულადაა განწყობილი. ისინი ახლა 20 მილიონი დოლარის მოპოვებას გეგმავენ. მათი თქმით, ეს თანხა პროტოტიპის შესაქმნელად საკმარისი იქნება.
კომენტარები