მასკის აზრით, 20 წელიწადში დედამიწაზე მილიარდი ჰუმანოიდი რობოტი იქნება
ილონ მასკის აზრით, უახლოეს 20 წელიწადში დედამიწაზე მილიარდზე მეტი ჰუმანოიდი რობოტი იქნება.
ყველაფერი Midjourney-ის დამფუძნებლის, დევიდ ჰოლცის ტვიტით დაიწყო. სწორედ მან დაპოსტა X-ზე, რომ 2040-იანებში დედამიწაზე ბევრად მეტი ჰუმანოიდი რობოტი იქნება.
მასკი ჰოლცის ტვიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "კი, ახლო მომავალში დედამიწაზე მილიარდზე მეტი ჰუმანოიდი რობოტი იქნება".
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროგნოზები 10 წლის წინაც იყო. მაშინ ამბობდნენ, რომ 2025 წლისთვის რობოტები ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყოველ ასპექტს მოიცავდნენ. თუმცა, ეს ასე არ მოხდა.
მიუხედავად ამისა, რობოტები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და ისიც ფაქტია, რომ მათზე დამოკიდებულება იზრდება.
თავად მასკი ჰუმანოიდ რობოტებზე დიდ ფსონს აკეთებს. 2021 წელს მასკისგანვე გავიგეთ, რომ ტესლა ჰუმანოიდ რობოტებს შექმნიდა. გასული წლის დეკემბერში Tesla-მ სოციალურ ქსელში მეორე თაობის ჰუმანოიდ რობოტ Optimus-ის სადებიუტო ვიდეო გამოაქვეყნა. ის 2022 წელს წარდგენილ მოწყობილობაზე ბევრად გაუმჯობესებული იყო.
კადრებში ადამიანთან მიმსგავსებული რობოტის დახვეწილი ვიზუალი დავინახეთ. ასევე, ვიხილეთ მის მიერ სხვადასხვა მოძრაობის შესრულება, როგორიცაა გვერდით მიტრიალება, ხელებზე დახედვა, თითების მოკეცვა, სიარული და ჩაკუზვა. სადემონსტრაციო ვიდეომ ისიც გვიჩვენა, თუ როგორ იღებს Optimus კვერცხს და ფრთხილად დებს ისე, რომ არ დააზიანოს.
მასკისთვის ეს Tesla-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელობანი პროექტია, რადგან პროგნოზირებს, რომ მომავალში მასზე კომპანიის ღირებულების დიდი ნაწილი იქნება დამოკიდებული. Optimus სავარაუდოდ, 20 000 აშშ დოლარზე ნაკლები ეღირება. მან, წესით, კომპანიის ქარხნებში მომუშავე საწარმოო პერსონალი უნდა ჩაანაცვლოს, მაგრამ რამდენად გამართლდება ეს მოლოდინი, ჯერ არ ვიცით.
ვნახოთ, როგორი იქნება მომავალი.
კომენტარები