იაპონიაში მომხდარმა მიწისძვრამ სანაპირო ზოლი დაახლოებით 250 მეტრით აწია
პირველ იანვარს იაპონიაში მდებარე ნოტოს ნახევარკუნძულზე 7.6 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ახალი სატელიტური სურათები გვიჩვენებს, როგორი გავლენა იქონია ამ სეისმურმა აქტივობამ ადგილობრივ სანაპირო ზოლზე.
ხელოვნური თანამგზავრის მიერ გადაღებულ კადრებზე მიწისძვრამდე და მის შემდეგ აღბეჭდილ სანაპიროს ვხედავთ, როცა ტალღები უკვე ჩაწყნარებული იყო:
როგორც ხედავთ, ცვლილება თვალშისაცემია, რადგან ბიძგების შემდეგ ეს არეალი დაახლოებით 250 მეტრით აიწია. შესაბამისად, მოშიშვლებული ხმელეთის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და პორტები ნავებისთვის მიუდგომელი გახადა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ნოტოს ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო ადგილზე გამოიკვლიეს. შედეგად, მათ 10 არეალში მიაგნეს მტკიცებულებას, რომელიც ზოლის ამაღლებას ადასტურებს, რასაც მიწისძვრასთან აქვს კავშირი.
მეცნიერების თქმით, სანაპიროს ამაღლება სამხრეთით უფრო და უფრო ნაკლებად შესამჩნევია, კაისოდან აკასაკამდე. ასევე, აკასაკის პორტის მახლობლად 4.2-მეტრიანი ცუნამი დაფიქსირდა, რამაც კვალი იქ არსებულ შენობებზეც დატოვა.
სანაპიროს ამჟამინდელი მდგომარეობა იაპონიის კოსმოსური სააგენტოს მიერ ორბიტაზე გაშვებულმა ხელოვნურმა თანამგზავრმა ALOS-2-მაც დააფიქსირა:
კადრებზე 2023 წლის ივნისსა და 2024 წლის იანვარში გადაღებული სურათები ენაცვლება ერთმანეთს, რაც სანაპირო ზოლის გადიდებას გვიჩვენებს.
ამ ტერიტორიაზე კვლევითი სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რათა მეცნიერებმა ეს ცვლილებები დეტალურად შეისწავლონ.
კომენტარები