ქართული კომპანია Elven Technologies მფრინავი ტაქსების ბატარეებს ცეცხლგამძლე მასალით შეფუთავს
ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Elven Technologies-მა ამერიკულ სტარტაპ Alef-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც მის მიერ წარმოებული მფრინავი ტაქსების ბატარეებს სპეციალური ცეცხლგამძლე მასალით შეფუთავს.
ამის შესახებ თავად Alef-ის დამფუძნებელმა, ჯიმ დუჰოვნიმ, განაცხადა. სიახლის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა Elven Technologies-ის დამფუძნებელმა, ვამეხ ხერხეულიძემაც.
Elven Technologies ელექტრომანქანების ლითიუმ-იონური ბატარეების აალებისგან დამცავ მატერიას აწარმოებს. კომპანია პროდუქტს პოტენციურ პარტნიორებს უკვე სთავაზობს, ერთ-ერთი მათგანი კი Alef იყო. იგი ცეცხლგამძლე მასალით დაინტერესდა და Elven Technologies-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა.
ასევე, იხილეთ:
- მეხანძრის უნიფორმიდან კოსმოსურ კოსტიუმამდე — ქართული "ცეცხლგამძლე სტარტაპის" გეგმები
- ქართულმა სტარტაპმა, რომელიც ცეცხლგაუმტარი უნიფორმის შექმნაზე მუშაობს, $160 000-იანი ინვესტიცია მოიპოვა
- ქართულმა სტარტაპმა Elven Technologies GITA-სგან 350 000-ლარიანი გრანტი მიიღო
Alef-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათთვის უმთავრესი უსაფრთხოებაა, რომელსაც სწორედ Elven Technologies უზრუნველყოფს. ზემოხსენებული მასალით მფრინავი ტაქსების ელექტრობატარეები შეიფუთება, რადგან მათი აალების საშიშროება აიცილონ თავიდან.
ამ ელემენტებს ცეცხლი ხშირად უჩნდება, ამიტომ საჭიროა ისეთი მატერია, რომელიც აფეთქებისა და სხვა სერიოზული ზიანის რისკს შეამცირებს. შედეგად, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაშიც კი, მფრინავი ტაქსები დაზღვეული იქნება.
Alef-ის ელექტრომობილმა, რომელსაც ვერტიკალურად აფრენისა და დაშვების ფუნქციაც აქვს, აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA) სპეციალური სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო. ის ადასტურებს, რომ ეს მანქანა ფრენისთვის ვარგისია და კომპანიას მისი გამოცდისა თუ დახვეწის საშუალებას აძლევს.
FAA-ს სხვა ამგვარი პროტოტიპებისთვისაც აქვს გაცემული სერტიფიკატი, მაგრამ Alef-ში აცხადებენ, რომ მათი მოდელის გამოყენება არა მხოლოდ ჰაერში, არამედ ჩვეულებრივ გზებზეც შეიძლება, ამიტომ ეს შემთხვევა განსხვავებულად მიაჩნიათ. როგორც ცნობილია, ამ მფრინავი ელექტრომობილის ღირებულება 300 000 აშშ დოლარი იქნება და გაყიდვები 2025 წელს დაიწყება.
იხილეთ Elven Technologies-ის შესახებ ჩვენ მიერ მომზადებული სიუჟეტი:
კომენტარები