ნახეთ: მარსმავალმა წითელი პლანეტის კრატერის 360-გრადუსიანი ხედი გადაიღო
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მიერ მარსზე გაშვებულმა მავალმა Perseverance წითელი პლანეტის გასაოცარი მოზაიკური გამოსახულება გადაიღო, რომელზეც ეზეროს კრატერის მიმდებარე ტერიტორიაა ასახული. იქ ადრე ტბა და მდინარის შესართავი იყო, ეს აპარატი კი ამჟამად სწორედ აღნიშნულ არეალს იკვლევს.
გასაოცარი სურათი 360-გრადუსიანია და მარსის ამ რეგიონს დეტალურად გვიჩვენებს. ის 993 კადრისგან შედგება, რომლებიც მავალის ხელსაწყომ Mastcam-Z ნოემბრის დასაწყისში გადაიღო. გამოსახულების პიქსელების საერთო რაოდენობა 2.28 მილიარდს აღწევს.
NASA-მ ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც მავალის კამერის მიერ აღბეჭდილი ხედი შედარებით სხვა შეფერილობისაა. ეს იმიტომ, რომ სურათზე თავად ხელსაწყოთი დანახული "ნამდვილი" ფერებია წარმოდგენილი, ვიდეოში კი ფერები დედამიწისეულ განათებასაა მორგებული.
"ასეთი დაბალანსება მისიაზე მომუშავე მეცნიერებს საშუალებას აძლევს, რომ ყოველდღიური გამოცდილება ლანდშაფტის ინტერპრეტირებისთვის გამოიყენონ", — აცხადებენ სააგენტოში.
როგორც ვახსენეთ, ეს ლანდშაფტი ეზეროს კრატერს ეკუთვნის, რომელიც დაახლოებით 3.5 მილიარდი წლის წინ წყლით იყო სავსე. Perseverance იქ სიცოცხლის კვალის პოვნას ცდილობს. ის ახლა ეირის ბორცვის თავზეა, სადაც მდინარის მიერ დანალექი ქვები შეინიშნება, ასევე დატბორვისას სხვა არეალიდან გადმოტანილი დიდი ლოდები და ადრეული ვულკანური მატერია.
თუ ამ უძველესი ლავის ნიმუშს დედამიწაზე ჩამოვიტანთ და ლაბორატორიულად გამოვიკვლევთ, მისი ფორმირების პერიოდის გამოვლენის შესაძლებლობა გვექნება. ამით დავადგენთ, როდის მიედინებოდა წითელ პლანეტაზე მდინარეები.
Perseverance-მა ეზეროს ფსკერი უკვე შეისწავლა, ხოლო მომავალში კრატერის კიდესთან გადაინაცვლებს, სადაც მდინარემ კანიონი წარმოქმნა.
კომენტარები