აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს უკანასკნელი ცნობით, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი სამეცნიერო საქმიანობას დაუბრუნდა. ის უკვე შეუფერხებლად ფუნქციონირებს და სამყაროს ისევ აკვირდება.

"ზონდი კარგ მდგომარეობაშია და სამივე გიროსკოპს იყენებს", — ვკითხულობთ NASA-მიერ გამოქვეყნებული ბლოგპოსტის განახლებაში.

"ვეტერანი" ობსერვატორიის გიროსკოპებთან დაკავშირებული პრობლემები 19 ნოემბერს დაიწყო, რადგან ისინი არასწორ სიგნალებს აგზავნიდა. მსგავსი ხელსაწყოები ინჟინრებს მონაცემებს აწვდის იმის შესახებ, თუ რა მიმართულებითაა განლაგებული ობიექტი. შესაბამისად, ეს სამეცნიერო გამოთვლებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რადგან კონკრეტული ციური სხეულის გადასაღებად ტელესკოპი მისკენ უნდა იყოს მიბრუნებული.

///

ამ ხარვეზის გამო ჰაბლი დროებით უსაფრთხო რეჟიმში გადავიდა, რაც პროგრამულად გათვალისწინებულია და რაიმე მსგავსი დაბრკოლებისას ავტომატურად ხდება. მან მუშაობა მომდევნო დღესვე განაგრძო, მაგრამ 21 ნოემბერს ისევ გაითიშა. სიტუაციის გამოსწორებას 23 ნოემბერს ხელახალი უსაფრთხო რეჟიმი მოჰყვა, თუმცა მან უფრო დიდხანს გასტანა.

ფოტო: NASA

ახლა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია.

აღსანიშნავია, რომ ჰაბლს თავდაპირველად 6 გიროსკოპი ჰქონდა, თუმცა ამჟამად მხოლოდ 3 ფუნქციონირებს. სასიხარულო ამბავი ისაა, რომ ამ ობსერვატორიას შეუძლია, ერთ გიროსკოპითაც იმუშაოს, მაგრამ რაც მეტია მათი რაოდენობა, ეფექტიანობაც იზრდება.

ასეა თუ ისე, გაშვებიდან სამ დეკადაზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ ჰაბლი ისევ ფორმაშია და კოსმოსის გასაოცარი რეგიონების გამოსახულებებს გვაწვდის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.