რატომაა ძველ ნახატებზე გამოსახული პენისები დღევანდელებზე ბევრად პატარა?
მეცნიერებმა შეისწავლეს, როგორ გამოსახავდნენ პენისებს სხვადასხვა საუკუნის ნამუშევრებში. შენიშნეს, რომ ნახატებში კაცის სასქესო ორგანო ბოლო 7 საუკუნის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მე-20 საუკუნეში, მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მკვლევრებს სურდათ დაედგინათ, რა დროს რა ზომა მიიჩნეოდა პენისისთვის იდეალურად; ამასთანავე, ისიც, თუ როგორ იცვლებოდა კაცის იდეალი კულტურული განსხვავებების შედეგად.
ასევე იხილეთ: კვლევის თანახმად, პენისის საშუალო ზომა იზრდება და ჯერ არ ვიცით, რატომ
"ლოგიკურად ჟღერს, რომ იმ ნამუშევრებში, რომლებშიც პენისია გამოსახული, მისი იდეალური ზომის შესახებ აღქმის ცვლილებებიც აისახებოდა", — წერენ მეცნიერები — "ამას გარდა, ნაშრომი ხელოვნებაში პენისის ზომის გამოსახვასაც იკვლევს და აფასებს, როგორ აღიქვამდნენ პენისის ზომას გასული 7 საუკუნის ისტორიულ კონტექსტში".
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა რაც შეიძლება მეტი ისეთი ნახატის მოძიება დაიწყეს, რომლებზეც შიშველი კაცები იქნებოდნენ გამოსახული. მათ 232 ნამუშევარი შეარჩიეს და დროის მიხედვით დაალაგეს. ნახატები 21 ქვეყნიდან იყო, რომელთაგან ევროპის სახელმწიფოები შედარებით მეტი იყო. ერეგირებული პენისი არცერთ ნახატზე არ ყოფილა გამოსახული. ნამუშევრებზე არ იყვნენ ბავშვები.
ცნობილია, რომ ნახატებში მასშტაბისა და მანძილის გაზომვა არც ისე მარტივია (პენისია გიგანტური თუ უბრალოდ კაცი დგას პაწაწინა ცხენთან ახლოს?). შესაბამისად, მეცნიერებმა სანაცვლოდ პენისი ყურთან ანდა პენისი ცხვირთან პროპორცია გამოთვალეს (ოქროს კვეთის მიხედვით, ყური და ცხვირი ერთმანეთის ტოლია).
ეს მაჩვენებელი მეცნიერებმა სხვადასხვა დროის შემთხვევაში გამოთვალეს და ერთმანეთს შეადარეს. 1-ზე ნაკლები რიცხვი იმას ნიშნავდა, რომ პენისის ზომა მისი მფლობელის ყურზე ან ცხვირზე პატარა იყო, 1 კი — იმას, რომ ტოლი იყო.
"მე-15-მე-16 საუკუნეებში პენისი შედარებით პატარა ზომით იყო გამოსახული, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში შიშველი ადამიანების ამსახველი ნამუშევრები მნიშვნელოვნად მომრავლდა", — დაადგინა გუნდმა — "მიუხედავად ამისა, პენისის გამოსახულებები მე-19 საუკუნიდან მოყოლებული პროპორციულად უფრო დიდი გახდა".
პერიოდი | პენისი ყურთან/ცხვირთან პროპორციის საშუალო მაჩვენებელი |
1400-1499 | 1.0585 |
1500-1599 | 0.9545 |
1600-1699 | 0.9623 |
1700-1799 | 1.0024 |
1800-1899 | 0.9409 |
1900-1999 | 1.2074 |
2000- | 1.5761 |
რას მიეწერება გასული საუკუნის ნახატებში პენისების უცაბედი ზრდა?
მეცნიერებს თუ დავეყრდნობით, შესაძლოა, ინტერნეტისა და სხვა მედიის ფართო გამოყენებას მიეწერებოდეს ის ფაქტი, რომ ამ საუკუნის ნამუშევრებში პენისები უფრო დიდად არის გამოსახული.
მკვლევართა ვარაუდით, ამ ფაქტორების გავლენით პენისის ზომას უფრო მეტად ვაკავშირებთ მასკულინობასთან, ძალასა თუ პარტნიორისათვის სიამოვნების მინიჭების უნართან. მათი თქმით, შესაძლოა, პორნოგრაფიამ იქონია გავლენა იმაზე, თუ პენისის რა ზომა მიიჩნევა იდეალურად.
"პორნოს საყოველთაო გავრცელებასთან ერთად, შესაძლოა, დიდი ზომის პენისებისა და მათზე ქალების გაბუქებული რეაქციის გავლენით კაცებმა საკუთარი პენისები სხვებისას შეადარონ, მათ შორის პორნოგრაფიულ შიგთავსში წარმოდგენილი კაცებისას", — წერენ მკვლევრები.
გუნდი აღნიშნავს, რომ, როგორც წესი, კაცები პენისის საშუალო ზომას გადაჭარბებულად აფასებენ, საკუთრის ზომას კი — არასათანადოდ. მეტიც, ბევრი მათგანი ბოლო წლებში აქტიურად მიმართავს სხვადასხვა სახიფათო მეთოდს მის გასაზრდელად.
მკვლევართა გუნდი იმასაც აღნიშნავს, რომ კვლევას შეზღუდვები აქვს. მაგალითისთვის, გასათვალისწინებელია ის, თუ როგორ აღმოაჩინეს ნამუშევრები; საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კვლევაში ევროპული ნახატები უფრო მეტი იყო.
მეორე მხრივ, მეცნიერების თქმით, თუკი მიგნებები ზუსტია და პენისის ზომასთან დაკავშირებით აღქმები ასე იცვლება, შესაძლოა, ამან კაცებში საკუთარი სხეულის აღქმის პრობლემები გაამძაფროს.
ნაშრომი სამედიცინო ჟურნალში BJU International გამოქვეყნდა.
კომენტარები