ბრაზილიაში ძლიერმა გვალვამ ადამიანის 2000 წლის წინანდელი გამოსახულებები გამოავლინა
ამაზონის აუზის ზოგიერთ არეალში ძლიერმა გვალვამ წყლის დონის კლება გამოიწვია, რამაც მდინარის ქვებზე არსებული ადამიანის გამოსახულებები გამოავლინა. ისინი 2000 წლის წინანდელი უნდა იყოს.
საუბარია მდინარე რიო-ნეგროზე, რომელიც ამაზონის მარცხენა შენაკადია. იქ ეს ქვები, ძირითადად, წყლითაა დაფარული, მაგრამ ახლა მისი დონე ბოლო 121 წელში ყველაზე დაბალია. რა თქმა უნდა, შედეგად გამოსახულებების გამოჩენა მეცნიერებისთვის სასიხარულოა, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით ეკოლოგიურ რისკებსაც. მაგალითად, იარსებებს ეს მდინარე 50 ან 100 წელში?
მასზე ბოლო კვირებში გვალვამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, რაც ამ რეგიონისთვის კარგი ამბავი ნამდვილად არაა. იქაური მოსახლეობა არხებს ტრანსპორტირებისთვისა და მარაგების შესავსებად იყენებს, რისი საშუალებაც მათ აღარ აქვთ, ამიტომ მთავრობამ აღნიშნული არეალის მაცხოვრებლებს პირველადი დახმარება გაუგზავნა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ისედაც მშრალი სეზონი წელს ელ-ნინიომ გააუარესა. ესაა წყნარი ოკეანის თბილი დინება, რომელიც ნორმალურ ამინდზე ზემოქმედებს და კლიმატის ცვლილებას ამწვავებს.
თავად გამოსახულებები მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ზონას ქმნის ადგილზე, რომელსაც Praia das Lajes ეწოდება. პირველად ისინი 2010 წელს აღმოაჩინეს, როცა ასევე გვალვის პერიოდი იყო, თუმცა ამჟამინდელთან შედარებით ნაკლებად ძლიერი.
ქვებზე არსებულ ამ ერთგვარ ნახატებზე მეტწილად ადამიანთა სახეებია წარმოდგენილი. ზოგი მათგანი მართკუთხა ფორმისაა, ზოგი კი ოვალურია.
"ეს ადგილი ემოციებსა და გრძნობებს გამოხატავს. ის გრავირებულ ქვებს აერთიანებს, მაგრამ ხელოვნების თანამედროვე ნიმუშებთანაც აქვს რაღაც საერთო", — აცხადებენ ბრაზილიის ისტორიული მემკვიდრეობის მუზეუმში.
მათი თქმით, მდინარეში წყლის დონის მატება და ამ ქვების დაფარვა გამოსახულებებს იმაზე მეტად დაიცავს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია.
კომენტარები