სხეულის რა ნაწილში ვგრძნობთ სიყვარულს? — კვლევა
ფინეთის აალტოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შეისწავლეს, სხეულის რა ნაწილში ვგრძნობთ ამა თუ იმ ტიპის სიყვარულს და რამდენად ძლიერია თითოეული მათგანი. სპეციალისტებმა შედეგები ვიზუალურად, გამოსახულებების სახითაც წარმოადგინეს.
ავტორებმა კვლევის ასობით მონაწილეს 27 სხვადასხვა სახის სიყვარულის შესახებ (რომანტიკული, სქესობრივი, დედობრივი, მეგობრული და ა.შ,) ონლაინ გამოკითხვა ჩაუტარეს. მათ სხეულის კონკრეტული ადგილები უნდა დაესახელებინათ, რომელთა მიმდებარედაც თითოეული ტიპის სიყვარულს გრძნობდნენ და აღეწერათ ინტენსივობაც (როგორც ფიზიკური, ისე მენტალური).
აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი სიყვარული, შედარებით ძლიერია თუ პირიქით, თავის არეში ყველაზე მეტად იგრძნობა, სხვა ნაწილებში კი ცვალებადია. მაგალითად, ზოგი მათგანი გულ-მკერდში ან მუცელში, ზოგი კი მთელ სხეულში ვრცელდება.
"აღსანიშნავია და არაა გასაკვირი, რომ ახლო ურთიერთობებთან დაკავშირებული სიყვარულის ტიპები ყველაზე ძლიერად განიცდება", — აცხადებენ მეცნიერები.
მოხალისეებს ადამიანის სილუეტში ის რეგიონები უნდა მოენიშნათ, რომლებთანაც სხვადასხვა სახის სიყვარული იყო ასოცირებული. ასევე, მონაწილეებს გამოჰკითხეს, რამდენად ძლიერი და სასიამოვნო იყო ეს გრძნობები და როგორ სიახლოვედ აღიქვამდნენ მათ.
"ადამიანებს შორის სიყვარული სქესობრივად და არასქესობრივად იყოფა. სიყვარულის ის ტიპები, რომლებიც ერთმანეთთან განსაკუთრებით გვაახლოებს, სქესობრივ და რომანტიკულ განზომილებებშია.
საინტერესო იყო ფიზიკურ და მენტალურ ინტენსივობას შორის ემოციისა და სიამოვნების მხრივ მჭიდრო კავშირის გამოვლენაც. რაც უფრო ძლიერად იგრძნობა კონკრეტული სიყვარული სხეულში, მით უფრო ძლიერია ის ემოციურად და მეტად სასიამოვნოა", — ამბობენ ავტორები.
აღსანიშნავი მიგნებაა, რომ თავის არეში სიყვარული ყველაზე მძაფრად განიცდება, თუმცა ამის კონკრეტული მიზეზის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო. ასევე, გასათვალისწინებელია კულტურული სხვაობები. მაგალითად, რელიგიურობით გამორჩეულ მოსახლეობაში შესაძლოა, ღმერთის მიმართ სიყვარული უფრო ძლიერი იყოს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Philosophical Psychology გამოქვეყნდა.
კომენტარები