ნახეთ: ინდოეთში ნიანგებმა ძაღლი დახრჩობას გადაარჩინეს
ინდოეთში ძაღლი საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, როდესაც თავი ნიანგებით სავსე მდინარეში ამოყო. უცნაურია, რომ იმის მაგივრად ნიანგებს ძაღლი შეეჭამათ, მათ ის ნაპირამდე "მიაცილეს".
მკვლევრებმა მოვლენის აღმნიშვნელი ფოტო მასალა Journal of Threatened Taxa-ში გამოაქვეყნეს. ისინი ამ დროს ინდოეთში, მდინარე სავიტრიში მყოფი ნიანგების ქცევას სწავლობდნენ.
"გასაოცარია, მაგრამ ნიანგები ძაღლს წყლიდან ამოსვლაში დაეხმარნენ და შეიძლება ითქვას, რომ დახრჩობას გადაარჩინეს. როგორც ჩანს, ნიანგები ძაღლს სხეულით აწვებოდნენ და ამით მას ნაპირზე გასვლაში დაეხმარნენ", — განაცხადეს მკვლევრებმა.
ძაღლი ნიანგებისთვის მარტივი ნადავლი იყო, მაგრამ მათ ამაზე უარი თქვეს. ლუიზიანას უნივერსიტეტის ბიოლოგმა, კრის მიურეიმ იმაზე ისაუბრა თუ რატომ დაინდეს ნიანგებმა ძაღლი. მისი თქმით, ამის ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს.
"ისინი შეიძლება დანაყრებულები იყვნენ, ან უბრალოდ ძაღლზე ნადირობის ცუდი გამოცდილება ჰქონდათ. მსგავსი მაგალითები იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება", — თქვა მიურეიმ.
მიურეი სხვა მკვლევრებისგან განსხვავებით მიიჩნევს, რომ აქ საქმე ეპათიასთან არ გვაქვს. მისი თქმით, ამ რეგიონში ბევრი ნიანგია და ისინი ადამიანებს ხშირად თავს ესხმიან. შესაბამისად, აქ ემპათიაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა, ის ეთანხმება ნაშრომის ავტორებს იმაში, რომ ადამიანები ნიანგების გონებრივ შესაძლებლობებს ხშირად არ აფასებენ.
მიურეიმ ისეთ შემთხვევებზე ისაუბრა, როდესაც ნიანგები ჩიტების მოსატყუებლად ჯოხებს იყენებდნენ. მისი თქმით, ჯოხზე ჩამომჯდარ ჩიტს ნიანგები მარტივად იჭერენ. მეტიც, მიურეიმ ისეთი შემთხვევებიც გაიხსენა, როდესაც ნიანგები ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ხაზი გაუსვა, რომ ისინი წარსულის გამოცდილებებიდან ხშირად ბევრ რამეს სწავლობენ.
კომენტარები