ChatGPT-ს ამიერიდან ხმით საუბარი და მიწოდებული სურათების ანალიზი შეეძლება
კომპანია OpenAI-ს ჩატბოტ ChatGPT-ს ახალი ფუნქციები ემატება. შედეგად იგი შეძლებს, მომხმარებლებს ხმით ესაუბროს და ინტერაქციაში სურათების მეშვეობით შევიდეს. ფუნქციები მხოლოდ ბოტის ფასიანი ვერსიებისთვის იქნება ხელმისაწვდომი Android-სა და iOS-ზე.
OpenAI-ს განცხადებით, ხმის ფუნქცია ჩატბოტს არაერთ შემოქმედებით და ხელმისაწვდომობაზე ფოკუსირებულ დანიშნულებას შესძენს. მას შეეძლება, ზღაპრები მოგითხროთ, სასადილო მაგიდასთან საუბარში ჩაერთოს და შეყვანილი ტექსტი ხმით წაიკითხოს.
OpenAI-ს განცხადებით, ტექნოლოგიას, რომელსაც ეს ფუნქცია ემყარება, Spotify იყენებს, რათა პოდკასტების შემქმნელებმა თავიანთი შიგთავსი სხვადასხვა ენაზე თარგმნონ.
სურათების მხარდაჭერის მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ, საგნებს ფოტოები გადაუღონ და ჩატბოტს მათი ანალიზი სთხოვონ სხვადასხვა საქმისთვის; მაგალითად, იმის გარკვევისკენ მიუთითონ, თუ რატომ არ ირთვება გრილი; მაცივრის შიგთავსის შეფასება და სადილის დაგეგმვა სთხოვონ ანდა სულაც მონაცემების კომპლექსური გრაფიკის ანალიზში დაიხმარონ.
შეიძლება ითქვას, ChatGPT არსებულ AI ასისტენტებს, თუნდაც Apple-ის Siri-ს, ემსგავსება. ასეთი AI სერვისები მოწყობილობაშია ინტეგრირებული და ხშირად გამოიყენება სხვადასხვა პრაქტიკული დანიშნულებით: მაღვიძარას თუ შეხსენებების დასაყენებლად, ინტერნეტიდან ინფორმაციის მოსაძიებლად და ა.შ.
ChatGPT-ს ახალი ფუნქციები მხოლოდ Plus და Enterprise ვერსიების გამომწერთათვის მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გახდება ხელმისაწვდომი.
კომენტარები