რა იცვლება იმით, რომ ახალ iPhone-ებს Type-C შესაერთებელი ექნება? — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ
Apple-ის სმარტფონებს, iPhone-ების, დატენას აქამდე სხვა სატენით ვერ შეძლებდით, ახალი მოდელების შემთხვევაში კი ეს ასე აღარ იქნება — iPhone 15 სერიის აიფონები ამიერიდან დამუხტვის სტანდარტულ სისტემაზე გადადის.
Apple-მა თავისი Lightning დამტენის გამოშვებიდან ზუსტად 11 წლის თავზე გვამცნო, რომ მას წარმოებიდან ამოიღებენ. ახალი თაობის iPhone-ები USB-C დამუხტვის უნივერსალური სისტემით ისარგებლებს, ანუ მათ Type-C შესაერთებელი ექნება. ცვლილების შესახებ კომპანიის ღონისძიებიდან შევიტყვეთ, რომელიც ყოველ სექტემბერს იმართება.
Apple-ის მხრიდან USB-C-ზე გადასვლა განსაკუთრებით იმ მხრივაა მნიშვნელოვანი, რომ მოწყობილობების დატენა ბევრად გამარტივდება. მეორე მხრივ, უნივერსალურ სტანდარტზე გადასვლით Apple თავისივე დამტენების ეკოსისტემაზე კონტროლს თმობს. შესაბამისად, კლიენტებისთვის კარგი და ცუდი დამტენების ერთმანეთისგან გარჩევა არც ისე მარტივი იქნება.
ეს ცვლილება მეტწილად იმის შედეგია, რომ გასულ წელს ევროპის კავშირმა შემდეგი კანონის სასარგებლოდ მისცა ხმა: 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე გაყიდულ ყველა იმ მობილურს, რომელიც ფიზიკური დამტენით იმუხტება, USB-C ტიპის დამტენი უნდა ჰქონდეს.
იხილეთ: Apple-მა დაადასტურა, რომ Iphone Type-C-ის გამოყენებაზე გადადის — რატომ
ინიციატივის მიზანი ელექტრონული ნარჩენების შემცირებაა — ის, რომ გამოყენებული დამტენებისა და კაბელების რაოდენობა შემცირდეს, მომხმარებლებს კი საშუალება ჰქონდეთ, სხვადასხვა ბრენდის მოწყობილობები და დამტენები შეუთავსონ ერთმანეთს.
რა იცვლება USB-C დამუხტვაზე გადასვლით?
Apple-მა სექტემბრის ღონისძიებაზე ახალი აიფონები წარადგინა. ამ დღეს გავიგეთ ისიც, რომ ახალი თაობის სმარტფონებსა და უახლეს AirPods Pro-ს Type-C შესაერთებელი ექნება. აქამდე ამ ტიპის ცვლილება მხოლოდ iPad-ებსა და MacBook-ებზე ვიხილეთ — ეს iPhone-ებისთვის პირველი შემთხვევაა.
ასევე იხილეთ: Apple-მა iPhone 15 წარადგინა — რით განსხვავდება ის წინა მოდელებისგან
ამიერიდან Apple-ის მომხმარებლები შეძლებენ, iPhone-ების, iPad-ებისა და Mac კომპიუტერების დასატენად ერთი და იგივე USB-C დამტენი გამოიყენონ — აღარ იქნება საჭირო თითოეული მათგანისთვის შესაბამისი დამტენის მოძებნა. შეგვეძლება ერთი მოწყობილობით მეორის დამუხტვაც, მაგალითად, დამჯდარი iPhone-ისა — კარგად დატენილი iPad-ით; ანალოგიურად იქნება სხვა ბრენდების მოწყობილობების შემთხვევაშიც.
რაც შეეხება გარემოს დაცვას, თავისთავად, ევროპის კავშირის გადაწყვეტილება მიზნად ელექტრონული ნარჩენების შემცირებას ისახავდა. მიუხედავად ამისა, ხანმოკლე პერსპექტივაში ამან შეიძლება მეტი ნარჩენი წარმოქმნას, რადგან ხალხი ძველი Lightning კაბელების გამოყენებას შეწყვეტს. Apple ამ ნარჩენების კუთხითაც ღელავდა, თუმცა ცვლილების თავიდან ასარიდებლად ფინანსური მიზეზებიც ჰქონდა.
გასულ წელს გრეგ ჯოზვიაკმა, კომპანიის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ ფართოდაა გავრცელებული Lightning დამტენი და რამდენად ღირებულია იგი. ისიც დაამატა, რომ, თავისთავად, დამორჩილება მოუწევდათ.
"სხვა გზა არა გვაქვს, როგორც მსოფლიოს შემთხვევაში ვიქცევით, ადგილობრივი კანონების დამორჩილების გარდა, თუმცა მივიჩნევთ, რომ გარემოსა და ჩვენი მომხმარებლებისთვის უკეთესი იქნებოდა, სახელმწიფოს ეს პერსპერქტივა არ ჰქონოდა", — თქვა ჯოზვიაკმა მაშინ.
Lightning დამტენის ისტორია
Apple-მა Lightning დამტენი, რომელიც წინა თაობის აიფონებში გვხვდება, ჯერ კიდევ 2012 წელს გამოუშვა iPhone 5-თან ერთად. იგი წინა შემაერთებელზე სწრაფად ტენიდა მოწყობილობებს და ორმხრივი დიზაინი ჰქონდა. ასე დაიწყო აქსესუარების ბიზნესი, მომხმარებლებს კი ძველი მოწყობილობებისათვის $30 ღირებულების Lightning ადაპტერის ყიდვა უწევდათ.
"Apple-ისათვის ეს მთლიანად საკუთარი ეკოსისტემის კონტროლს ეხებოდა", — თქვა დევიდ მაკქუინმა, ABI Research-ის დირექტორმა — "Apple დიდ მოგებას იღებს Lightning კაბელებისა და მისი მონათესავე ბევრი აქსესუარის გაყიდვით".
საგულისხმოა, რომ Apple იმ შემოსავლიდანაც იღებს ფინანსურ წილს, რომელიც Made For iPhone პროგრამის ფარგლებში მესამე მხარის აქსესუარებსა და კაბელებს მოაქვს.
"USB Type C-ზე გადასვლა ამ კონტროლს შეამცირებდა, რადგან USB-C ბევრად ღია ეკოსისტემაა", — დაამატა მაკქვინმა.
კომპანია ახალ USB-C-დან Lightning-ზე გადამყვანს 29 აშშ დოლარად ყიდის. იგი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, არსებული Lightning აქსესუარები USB-C-ს მქონე iPhone-ს ან iPad-ს დაუკავშირონ დამუხტვის ან მონაცემების გაზიარების მიზნით.
რას ნიშნავს ეს iPhone-ის მომხმარებლებისთვის?
სავარაუდოდ, USB-C-ზე გადასვლა ხალხს მაინცდამაინც ახალი აიფონების შეძენისკენ არ უბიძგებს. შესაძლოა, ამით იმ მომხმარებლების გული მაინც მოიგონ, რომლებიც iPhone-ის შეძენისგან თავს განსხვავებული დამტენის გამო იკავებდნენ.
ვინაიდან USB-C-ს უკვე არაერთი მობილური მოწყობილობა იყენებს (მათ შორის, Apple-ისავე iPad-ები და MacBook-ები), დამტენი კაბელები უფრო ხელმისაწვდომი იქნება.
მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ ყველა USB-C დამტენი ერთნაირად უსაფრთხო სულაც არაა. შესაძლოა, ზოგმა მოწყობილობას ზედმეტად მეტი ან არასაკმარისი ელექტროენერგია მიაწოდოს; ზოგს შეუძლია, მობილურამდე მონაცემებისა და ელექტრობის დინება დაარეგულიროს, ზოგს კი — არა. შესაბამისად, შესაძლოა, ცუდად შერჩეული დამტენით საკუთარ მობილურს საფრთხე შევუქმნათ.
ცნობისთვის, CNN Underscored რეკომენდაციას შემდეგი ბრენდების USB-C დამტენებს უწევს: Anker, Belkin, Apple, Amazon და Google.
"თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ფართოდ გამოიყენება სხვა მოწყობილობებში USB-C, რთული წარმოსადგენია, რომ მომხმარებლებს ეს ცვლილება გააკვირვებთ, ხანგრძლივ პერსპექტივაში კი, სავარაუდოდ, ამით სარგებელსაც მიიღებენ, რადგან დამუხტვის უნივერსალურ სისტემას თავისი აშკარა დადებითი მხარეები აქვს", — განაცხადა ბენ ვუდმა, CCS Insight-ის ანალიტიკოსმა.
Apple-ისგან ისიც გავიგეთ, რომ iPhone 15 Pro-ს სპეციალური USB-C კონტროლერი ექნება, რომელიც მონაცემების გადაცემას 20-ჯერ უფრო სწრაფად შეძლებს, ვიდრე ძველი USB-2 ტექნოლოგია.
და ძველ კაბელებს რა ელის?
ცვლილების შედეგად შეიძლება დროებით ელექტრონული ნარჩენები მომრავლდეს, რადგან ახალი iPhone-ების მომხმარებლები ძველ კაბელებს გადაყრიან.
CNN-თან საუბრისას Apple-მა განაცხადა, რომ კომპანიას გადამუშავების პროგრამა აქვს, მომხმარებლებს კი შეუძლიათ, გადასაყრელი დამტენები და კაბელები იქ მიიტანონ. გარემოსთვის ნაკლებად საზიანო გადაწყვეტილება იქნება, თუ ამისათვის ისინი ელექტრონული ნარჩენების გადამამუშავებელ ადგილობრივ ცენტრს ან Best Buy მაღაზიას ეწვევიან.
კომენტარები