NASA ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ მიგნებებს გაგვიზიარებს — რას ველოდებით
14 სექტემბერს, თბილისის დროით 18 საათზე, NASA-ს სათაო ოფისიდან პირდაპირ ეთერში მეცნიერები მსოფლიოს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO), იგივე ამოუცნობი ანომალიური ფენომენის (UAP) შესახებ კვლევის მიგნებებს გაგვიზიარებენ. პირდაპირი ეთერისთვის თვალის მიდევნება NASA-ს YouTube გვერდზე ან ამ სტატიაშივე შეგეძლებათ.
ამ საკითხზე დასკვნები, რომელსაც 14 სექტემბერს უნდა გავეცნოთ, 16 მეცნიერისგან შემდგარ დამოუკიდებელ კვლევით ჯგუფს ეკუთვნის. ჯგუფი NASA-ს დაკვეთით, 2022 წელს დაკომპლექტდა და ის აერონავტიკისა და მონაცემთა ექსპერტებისგან შედგება. გუნდს ასტროფიზიკოსი — დევიდ სპერგელი ხელმძღვანელობს.
NASA-ს მიხედვით, კვლევითი გუნდის მიზანი "ამოუცნობი ანომალიური ფენომენის მეცნიერული პერსპექტივიდან შესწავლაა და ერთგვარი რუკის შექმნა იმისათვის, რომ ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ მონაცემები და სამეცნიერო ინსტრუმენტები UAP-ის შესახებ ჩვენი გაგების გასაუმჯობესებლად".
აღსანიშნავია, რომ პირდაპირ ეთერამდე 30 წუთით ადრე, NASA გუნდის მიერ მომზადებულ სრულ ანგარიშს ონლაინ განათავსებს, იმისათვის რომ ის საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი. ეს NASA-ს სტილია — სააგენტო ყოველთვის ასაჯაროვებს მონაცემებსა და ანგარიშებს, იმისათვის რომ ის ყველა დაინტერესებული პირისთვის ხილვადი იყოს.
UAP-თან დაკავშირებული საკითხები თავის დროზე სამეცნიერო ფანტასტიკისა და შეთქმულების თეორიების მოყვარულთა სფეროდ მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო დროს, პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული კადრების შემდეგ, ამ საკითხმა ლეგიტიმურობა შეიძინა.
ასევე იხილეთ: კონგრესი UFO-ზე — რა ვიცით და რა არ ვიცით
ნაციონალურ თავდაცვასთან დაკავშირებული საკითხები არის მთავარი მიზეზი, რის გამოც აშშ-ის ოფიციალური პირები UAP-ის შესახებ დღეს სერიოზულად საუბრობენ. ამ საკითხზე კონგრესის მოსმენაც კი გაიმართა, რაც წლების წინ წარმოუდგენელი რამ იყო. სამხედროები განიხილავენ იმასაც, რომ ზოგი ამოუხსნელი საჰაერო მოვლენა შესაძლოა, სხვა სახელმწიფოს სამხედრო ტექნოლოგიის გამოცდას უკავშირდებოდეს.
გარდა სხვა ქვეყნის გასაიდუმლოებული ტექნოლოგიისა, ამოუხსნელი ფენომენები შესაძლოა არამიწიერი სიცოცხლის ნიშნებს უკავშირდებოდეს. თუმცა, მიუხედავად ამ ვარაუდისა, 14 სექტემბრის პრეზენტაციიდან ნაკლებად მოსალოდნელია დედამიწაზე სტუმრად მოსული უცხოპლანეტური სიცოცხლის ფორმების შესახებ მივიღოთ ინფორმაცია. ამის ნაცვლად, ანგარიშში, სავარაუდოდ, შემოთავაზებული იქნება რამდენიმე ახალი პროტოკოლი, რომელიც სააგენტოს მომავალში UAP-თან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაში დაეხმარება.
"[ანგარიში] მიზნად ისახავს NASA-ს ინფორმირებას იმის თაობაზე, თუ რა შესაძლო მონაცემები უნდა შეგროვდეს სამომავლოდ საიმისოდ, რომ ნათელი მოეფინოს UAP-ის ბუნებასა და წარმოშობას. ანგარიში არ მოიცავს წინა დაკვირვებების მიმოხილვას ან შეფასებას. UAP მაღალი ხარისხით შეზღუდული რაოდენობის შემთხვევებშია დაფიქსირებული, რაც შეუძლებელს ხდის მათი ბუნება სამეცნიერო თვალსაზრისით შევაფასოთ", — ნათქვამია NASA-ს განცხადებაში, რომლის ფარგლებშიც სააგენტო პრეს კონფერენციას აანონსებს.
კომენტარები