მეცნიერი, რომელმაც ადამიანის ემბრიონებს გენები შეუცვალა, კაცობრიობის გარდაქმნას გეგმავდა
ახლახან The New Yorker-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ჰე ჯიანკუის ამბიციებისა და მოტივების შესახებ მოგვითხრობს. ეს ის მეცნიერია, რომელმაც ადამიანის ემბრიონებზე გენური რედაქტირების არალეგალური ექსპერიმენტი ჩაატარა. ბავშვები, ლულუ და ნანა, დაიბადნენ, ჯიანკუიმ კი თავი ციხეში ამოყო.
ასევე იხილეთ: გენმოდიფიცირებული ბავშვების პირველი რეალური ექსპერიმენტის ავტორი ციხიდან გაათავისუფლეს
როგორც ირკვევა, ჰე — მეგობრებისა და კოლეგებისათვის იგივე JK — რახანია დაინტერესებული იყო გენური რედაქტირების გამოყენებით იმისათვის, რომ კიბოს, ალცჰაიმერისა და HIV-ის მკურნალობა თუ პრევენციაც კი მოხერხდეს.
მეორე მხრივ, როგორც ირკვევა, ამ მხრივ მას გაცილებით ამბიციური გეგმებიც ჰქონია — მეცნიერმა კოლეგებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ არაერთი სერიოზული დაავადების განკურნებას გეგმავდა, შემდეგ კი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის 120 წლამდე გაზრდას.
"მესმის, რომ ჩემი შრომა საკამათო იქნება", — განაცხადა მან მოგვიანებით — "მაგრამ მჯერა, რომ ოჯახებს ეს ტექნოლოგია სჭირდებათ, და მზად ვარ, მათ გამო კრიტიკა ავიტანო".
ჯიანკუიმ სწორედ HIV-ს (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) კუთხით გაითქვა სახელი, როდესაც CRISPR გამოიყენა და ტყუპების, ლულუსა და ნანას, ემბრიონების გენები შეცვალა. მეცნიერი ამტკიცებდა, რომ ამით ბავშვებს HIV-სგან დაიცავდა.
მანამ, სანამ ლულუსა და ნანას ემბრიონებზე ექსპერიმენტს ჩაატარებდა, ჯიანკუი სფეროში მომუშავე სხვა მეცნიერებს პირდაპირ ეკითხებოდა, რამდენად ეთიკურად მიაჩნდათ ემბრიონთა გენომების რედაქტირება — პროცედურა, რომელიც არამხოლოდ ამ ემბრიონებიდან დაბადებული ინდივიდების, არამედ მათი შთამომავლების გენებსაც შეცვლიდა.
როგორც სტატიიდან ვიგებთ, ერთხელ JK ჯეიმს უოტსონსაც შეხვდა — ერთ-ერთ მეცნიერს, რომელმაც დნმ-ის ორმაგი სპირალის სტრუქტურის აღმოჩენაში მიიღო მონაწილეობა. ცნობილია, რომ უოტსონი რასისტული შეხედულებების გამო ბოლო დროს არც ისე კარგი რეპუტაციით სარგებლობს.
ჩინელმა მეცნიერმა მას ჰკითხა, იყო თუ არა ემბრიონების რედაქტირება დასაშვები რამ; უოტსონმა ხელწერილით უპასუხა — "გააუმჯობესე ხალხი" — ჯიანკუიმ კი მონაწერი ლაბორატორიაში დაიკიდა.
ჯიანკუის "გენეტიკური ვაქცინის" შექმნაზეც უსაუბრია, რომელიც სიმსივნეებსა და კაცობრიობის მტანჯველ სხვა დაავადებებსა თუ აშლილობებს აგვარიდებდა თავიდან.
როგორც ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამხრეთ უნივერსიტეტის (SUSTech — კვლევითი დაწესებულება, სადაც ემბრიონებზე ექსპერიმენტები ჩატარდა) თანამშრომლები The New Yorker-თან ინტერვიუში ამბობენ, ჰი ჯიანკუი წარმოიდგენდა მომავალს, რომელშიც მას "ჩინეთის ედისონად" დაიმახსოვრებდნენ.
"გენომის რედაქტირების ხელშეწყობის შედეგად კაცობრიობა უფრო ჭკვიანი, ძლიერი და ჯანმრთელია", — დაწერა ჯიანკუიმ პრეზენტაციაში, რომელიც ერთხელ მან კოლეგებს გაუზიარა SUSTech-ში — "კაცობრიობა ბედისწერის კონტროლის ახალ ერაში ინაცვლებს".
JK-ს ექსპერიმენტებზე ჯერაც ბევრი რამ არ ვიცით. საეჭვოა მშობლებისა და იმ ბავშვების რეალური იდენტობა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს; დაზუსტებით არ ვიცით ისიც, თუ როგორ არიან ბავშვები ახლა.
ასევე იხილეთ: გენმოდიფიცირებული ბავშვების არალეგალური ექსპერიმენტის ავტორი ამბობს, რომ იჩქარა
მეორე მხრივ, თანდათან უფრო აშკარა ხდება, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეცნიერი თავისი მისიის შესრულებაზე, "გენეტიკური ვაქცინის" შექმნაზე, მუშაობს. ვინაიდან იგი ვუჰანის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გენეტიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ვინ იცის, იქნებ ჰქონდეს კიდეც რესურსი, რომ ამ მიმართულებით წინ წაიწიოს.
კომენტარები