ტეხასში გვალვამ დინოზავრთა ნაკვალევი გამოავლინა
აშშ-ის ტეხასის შტატის პარკში ამჟამად მიმდინარე გვალვამ დინოზავრთა 70-მდე ნაკვალევი გამოავლინა. ისინი დაახლოებით 110 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მობინადრე უზარმაზარი ცხოველების მიერაა დატოვებული და აქამდე მდინარე პელუქსის წყლის ქვეშ იმალებოდა.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ნაკვალევი ორი სხვადასხვა სახეობის დინოზავრებს ეკუთვნით. მათი დასკვნით, სამთითა ანაბეჭდები ხორცისმჭამელი გიგანტის, არკოკანტოზავრის უნდა იყოს, ხოლო სპილოს მსგავს ნაკვალევს გრძელი კისრის მქონე ზავროპოსეიდონს მიაწერენ.
პირველი მათგანი ცარცულ პერიოდში, 145-101 მილიონი წლის წინ, ჩრდილოეთ ამერიკაში მობინადრე უდიდესი მტაცებელი იყო და მისი სიგრძე 12 მეტრს შეადგენდა. რაც შეეხება ზავროპოსეიდონებს, მათი ზომა 30 მეტრი გახლდათ, წონა კი 50 ტონას აღწევდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონკრეტულ მონაკვეთში ნაპოვნი ნაკვალევი, რომელსაც Lone Ranger Track-ს უწოდებენ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელია.
ახალი აღმოჩენა ორგანიზაცია Friends of Dinosaur Valley State Park-ს ეკუთვნის, ნაკვალევს კი 25 აგვისტოს მიაგნეს.
"ეს ჩვენთვის ნორმალური არაა, მაგრამ ორი წლის განმავლობაში მაღალმა ტემპერატურამ და გვალვამ ახალი ნაკვალევის გამოვლენის საშუალება მოგვცა. როგორც კი საკმარისად იწვიმებს, ეს ნაკვალევი ისევ დაიფარება", — აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
კომენტარები