რატომ გვაგრილებს სიცხეში ცხელი სასმლის მიღება?
რაოდენ უჩვეულოდაც არ უნდა ჟღერდეს, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში ცხელი სასმლის მირთმევამ გაგვაგრილოს. ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, ეს სხეულის ტემპერატურას განსაკუთრებით მშრალ გარემოში ამცირებს.
როგორც ყველა თბილსისხლიანი ცხოველი, ადამიანებიც უწყვეტად ვერგებით სიტუაციას, რათა მუდმივი შინაგანი ტემპერატურა შევინარჩუნოთ.
მექანიზმი შემდეგნაირად მუშაობს: როცა სასმელი სხეულზე თბილია, თავისთავად, მისი მიღებისას ჩვენც უფრო ვხურდებით; ამის გამო ცხელი სითხის მიღებისას ნერვებში არსებულ რეცეპტორი, TRPV1, აქტიურდება; ეს რეცეპტორი სხეულს ატყობინებს, რომ უნდა გაგრილდეს, რის შედეგადაც ოფლის გამოყოფა იწყება; გამოყოფილი ოფლი ორთქლდება, ეს კი სითბოს გაფანტვაში გვეხმარება და გვაგრილებს.
ამ მექანიზმის წყალობით ადამიანის სხეულმა საკმაოდ მაღალ ტემპერატურებსაც კი შეიძლება გაუძლოს.
აღსანიშნავია, რომ ნესტიან გარემოში ოფლის გამოყოფა გაგრილების კუთხით ნაკლებად მუშაობს, რადგან ჰაერი ისედაც სავსეა წყლის ორთქლით და კანიდან ბევრის შეწოვა აღარ შეუძლია; სწორედ ამიტომაა, რომ ნესტიან გარემოში ბევრად დაბალია ტემპერატურა, რომელზეც ჯერ კიდევ შეგვიძლია გადარჩენა.
ასევე იხილეთ: გარემოს რა ტემპერატურაზე იღუპება ადამიანი? — ახალმა კვლევამ დაუჯერებელი ზღვარი გამოავლინა
მეორე მხრივ, ცივი სასმელების მიღებისას ტვინი ოფლის გამოყოფას ამცირებს, შედეგად კი სხეული თავის ბუნებრივ ტემპერატურას უბრუნდება. კვლევის თანახმად, ნაკლებად ქარიან ან მეტად ნესტიან გარემოში (ოფლის გამოყოფისათვის ხელშემშლელი ფაქტორების არსებობისას) ცივი სასმელები უკეთესია სხეულის გასაგრილებლად.
ცხელ სასმელების მიღება სხვა მექანიზმითაც შეიძლება დაგვეხმაროს გაგრილებაში: ასე საკმარის სითხეს ვიღებთ იმისათვის, რომ ოფლი საერთოდ წამოგვივიდეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად, ნაცვლად წყლისა, ადამიანები სხვა სასმელების მიღებას უფრო ანიჭებენ უპირატესობას. თავისთავად, სხეულის ჰიდრატაციისთვის სასმლის ტემპერატურას მნიშვნელობა არა აქვს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთ ადამიანს ცივი წყლის გავლენაც არასწორად ესმის; მზის გულზე მომუშავე ადამიანები ზოგჯერ მის მიღებას შოკის შიშით არიდებენ თავს, რაც გაუწყლოებას უწყობს ხელს. ექსპერტები გვირჩევენ, რომ სხეულის ადეკვატური ჰიდრატაციისთვის უმჯობესია, ჩვენთვის მოსაწონ ტემპერატურას მივანიჭოთ უპირატესობა.
თავისთავად, მზის პირისპირ ყოფნისას მხოლოდ სხეულის გაუწყლოებისგან დაცვა არ დაგვეხმარება — მნიშვნელოვანია შესვენება და გამაგრილებელ სისტემებზე წვდომაც.
საგულისხმოა, რომ ექსტრემალური სიცხის პირობებში დამატებით ოფლიანობა, შესაძლოა, გაგრილებაში სულაც არ დაგვეხმაროს. შესაბამისად, თუ სიცხისგან თქვენი სხეული ისედაც სტრესშია, დამატებით ცხელ სასმელს ნუღარ დაამატებთ.
საბოლოო ჯამში, შესაძლოა, ზაფხულის სიცხეში ცხელი ჩაის მიღება არც ისე კარგ იდეად მოგეჩვენოთ, თუმცა რეალობა სხვაა: იგი სხეულში გაგრილების მექანიზმებს ააქტიურებს და წყლის შენარჩუნებაში გვეხმარება, რაც ტემპერატურის რეგულაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კომენტარები