Snapchat-ის AI ჩატბოტმა მომხმარებლებთან საუბარი შეწყვიტა და Story დამოუკიდებლად ატვირთა
AI ჩატბოტის "ავტონომია" ხარვეზმა განაპირობა.
სამშაბათს Snapchat-ის AI (ხელოვნური ინტელექტი) ჩატბოტმა, My AI-მ, საკუთარ პროფილზე Story განათავსა და მომხმარებელთა შეტყობინებებზე პასუხი შეწყვიტა. ბოტის მხრიდან მისთვის არადამახასიათებელმა ქცევამ სოციალური ქსელის მომხმარებელთა შეშფოთება გამოიწვია.
როგორც წესი, Snapchat-ის My AI ფუნქცია (იგი ChatGPT-ზეა დაფუძნებული) მომხმარებლებს რეკომენდაციებსა თუ კითხვებზე პასუხს სთავაზობს და მათთან დიალოგში შედის. მიუხედავად ამისა, სამშაბათს მან Story დადო, კერძოდ, მოკლე ვიდეო, სავარაუდოდ, კედლისა. როგორც წესი, ეს მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ.
აპლიკაციის მომხმარებელთა რეაქციამაც არ დააყოვნა: "რატომ უდევს My AI-ს თავისი სახლის კედლისა და ჭერის ვიდეო story-ზე?"; "ეს ძალიან უცნაური და პირდაპირ შემაშფოთებელია"; "რობოტსაც კი არა აქვს ჩემთვის დრო", — დაწერა მომხმარებელმა, რადგან ბოტმა მის შეტყობინებებს არ უპასუხა.
როგორც აღმოჩნდა, Snapchat რაიმე ახალ ფუნქციაზე ან ხელსაწყოს ამგვარად გაუმჯობესებაზე სულაც არ მუშაობს. ბოტის ამგვარი ქმედება ხარვეზით აიხსნა.
"My AI-ს მუშაობა დროებით შეფერხდა, რაც უკვე მოგვარებულია", — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა CNN-თან.
შესაძლოა, მოვლენაზე ხალხის მძაფრ რეაქციას AI-ს შესაძლო რისკების მიმართ შიში განაპირობებდეს.
Snapshat-ს My AI ფუნქცია აპრილში დაემატა. ამ დროიდან მომხმარებლებმა იგი არაერთხელ გააკრიტიკეს, იქნება ეს კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული საფრთხეები, უჩვეულო საუბრები თუ ის მოცემულობა, რომ ჩატიდან ფუნქციის გასაუქმებლად პრემიუმის გამოწერაა საჭირო.
სხვა AI ხელსაწყოებისგან განსხვავებით, Snapchat-ის ბოტის შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ, მას სახელი შეურჩიონ, თავიანთი გემოვნებით შეუქმნან Bitmoji ავატარი და შემდეგ იგი მეგობრებთან საუბარში ჩართონ. ასე Snapchat-ის ჩატბოტთან ინტერაქცია ნაკლებად ოფიციალურია, ვიდრე ChatGPT-ს ვებსაიტზე შესვლა. შესაძლოა, ისიც ნაკლებად იყოს აშკარა, რომ რეალურად კომპიუტერს ვესაუბრებით.
ხელსაწყოს არაერთი ადამიანი მიიჩნევს ღირებულად. მეორე მხრივ, შესაძლოა, შერეული რეაქციები იმ გამოწვევების გამოხატულებად მივიჩნიოთ, რომელთაც კომპანიები აწყდებიან თავიანთ პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებისას.
Snapchat-მა და OpenAI-მ მალევე დაიწყეს თანამშრომლობა მას შემდეგ, რაც ჩატბოტის შემქმნელმა კომპანიამ მესამე მხარის ბიზნესებს ChatGPT-ზე წვდომა მისცა. OpenAI-ს პარტნიორთა რიცხვი, სავარაუდოდ, სამომავლოდაც გაიზრდება.
კომენტარები