ნახეთ: მარსზე გაშვებულმა ვერტმფრენმა ფრენისას მავალი Perseverance გადაიღო
NASA-ს მიერ მარსზე გაშვებულმა ვერტმფრენმა Ingenuity-იმ 3 აგვისტოს რიგით 54-ე ფრენა შეასრულა, რა დროსაც დაახლოებით 5 მეტრი სიმაღლიდან წითელი პლანეტის ზედაპირზე არსებული მავალი Perseverance დააფიქსირა.
აპარატი "ცაში" სულ რაღაც 24 წამით აიჭრა და ჰორიზონტალურად მანძილი არ დაუფარავს. ეს მანევრი ჩვეულად Perseverance-ის აქტივობისთვის თვალის მისადევნებლად არ განხორციელებულა, არამედ იმის გასაგებად, თუ რა მოხდა წინა შეფერხებული ფრენისას.
საქმე ისაა, რომ 22 ივლისის ფრენა 136 წამს უნდა გაგრძელებულიყო და Ingenuity-ის რამდენიმე რთული მანევრი შეესრულებინა. ამის მიუხედავად, მან გაურკვეველი დაბრკოლების გამო მხოლოდ 74 წამი იფრინა, შემდეგ კი წინასწარ განსაზღვრული უსაფრთხოების სისტემის ბრძანების მეშვეობით ზედაპირზე დაეშვა.
სპეციალისტთა აზრით, LAND_NOW სისტემის გააქტიურება იმან გამოიწვია, რომ ვერტმფრენის სანავიგაციო კამერა შიდა გამომთვლელ ერთეულთან თანხვედრაში ვერ მოვიდა. ეს უკანასკნელი მდებარეობას, სიჩქარესა და მიმართულებას ადგენს. მსგავსი რამ 2021 წლის მაისშიც მოხდა, პროგრამულმა ცვლილებამ კი, როგორც ჩანს, არ იმუშავა.
მეცნიერები პრობლემის უკეთ გამოკვლევაზე მუშაობენ და ამბობენ, რომ Ingenuity ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
Ingenuity, Perseverance-თან ერთად, მარსზე არსებულ ეზეროს კრატერში 2021 წლის თებერვალში დაეშვა. საწყისმა მისიამ, რომელიც 5-ჯერ აფრენას გულისხმობდა, კარგად ჩაიარა. მას შემდეგ ის ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ზედაპირიდან კიდევ არაერთხელ აიჭრა, პარალელურად კი მარსმავალს ზვერავდა.
კომენტარები