როგორ მივიღოთ ChatGPT-სგან საუკეთესო პასუხები — რამდენიმე რჩევა
ChatGPT ჩაშვებიდან მალევე "აფეთქდა" და უზომოდ პოპულარული გახდა. ზოგი მას იყენებს დისერტაციების, რეკლამებისა და კოდის დასაწერად, ზოგიც კი — სწავლისა და კვლევისთვის. თუმცა ადამიანების უმეტესობამ არ იცის, როგორ მუშაობს ჩატბოტი ან რისი გაკეთება შეუძლია მას. ამდენად, შედეგებით ან უკმაყოფილოები არიან ან ვერ ახერხებენ ChatGPT-ს მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენებას.
საძიებო სისტემისგან განსხვავებით, ChatGPT არასოდეს აკოპირებს ინფორმაციას სხვა წყაროებიდან. ამის ნაცვლად, იგი თითოეულ სიტყვას თავისით აგენერირებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებელი გზავნის ბრძანებას, ჩატბოტი კი, მანქანური სწავლებისას მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორიგინალურ პასუხს ქმნის. გამომდინარე იქიდან, რომ ბრძანებას თავად წერთ, საუკეთესო შედეგების მისაღებად, დაფიქრება გმართებთ.
მოკლედ, როგორ მივიღოთ ChatGPT-სგან მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგები?
მაგალითად, დავუშვათ, რომ კითხვა გაქვთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ჩატბოტი წერთ: "როგორ გავიუმჯობესო ჯანმრთელობა?", — ჩატბოტი ნამდვილად მოგცემთ რჩევას, თუმცა მან არ იცის, ვინ ხართ თქვენ ან ზუსტად რა ტიპის რჩევას ითხოვთ მისგან. თუმცა თუკი კითხვას უფრო კონკრეტულად დასვამთ, ChatGPT-ს პასუხიც ბევრად ამომწურავი და თქვენს საჭიროებებზე მორგებული იქნება. მაგალითად, შეგიძლიათ, ზემოხსენებული კითხვა ასე ჩამოაყალიბოთ: "წარმოიდგინე, რომ ხარ ექიმი, ნუტრიციოლოგი და პირადი ტრენერი. გაწერე კვებისა და ვარჯიშის 2-კვირიანი გეგმა 56 წლის კაცისთვის, რათა მან გულის ჯანმრთელობა გაიუმჯობესოს."
თუ კიდევ უფრო დაკონკრეტდებით, და, ვთქვათ, ჩატბოტს ეტყვით, რომ გინდათ წონის კლება, კუნთის მასის ზრდა, მაგრამ ვარჯიშზე დღეში 20 წუთზე მეტს ვერ დახარჯავთ ან არ გიყვართ აზიდვების კეთება, იგი მოგცემთ პასუხს, რომელიც მაქსიმალურად ერგება თქვენს მოთხოვნებს.
გარდა ამისა, იდეალური პასუხის "გამოძერწვა" ჩატბოტის მიერ უკვე მოცემული, არც თუ დამაკმაყოფილებელი პასუხებიდანაც შეიძლება. დავუშვათ, მას უბრძანეთ, თავი კიბოს, ნუტრიციისა და ქცევითი ფსიქოლოგიის ექსპერტად წარმოედგინა და შემოეთავაზებინა ქცევითი შაბლონების შეცვლის 8 გზა, რომელიც სიმსივნის განვითარების რისკს შეამცირებდა. მოცემული 8 გზიდან შეგიძლიათ, აარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები რამდენიმე გზა და ჩატბოტს უბრძანოთ, დააკავშიროს, ვთქვათ, მე-3, მე-5 და მე-8 იდეები და გაწეროს დეტალური გეგმა. ანდაც, უთხრათ, რომ დაწეროს შემოთავაზებული მეთოდების კრიტიკა და ისინი შემდგომ იმგვარად გადააკეთოს, რომ ამ კრიტიკას უძლებდეს.
ამდენად, როგორც ხედავთ, თუკი ჩატბოტის ეფექტიანობის მაქსიმალური გაზრდა და სასურველი შედეგების მიღება გსურთ, მისთვის მიცემული ბრძანებაც მაქსიმალურად კონკრეტული უნდა იყოს. თუმცა ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ჩატბოტისგან მიღებული ინფორმაცია ყოველთვის სანდო არ არის, ამიტომ, ჯობია, იგი გადაამოწმოთ.
კომენტარები