ვების ტელესკოპმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო — ფოტო კოსმოსის კვლევის 1 წლის იუბილეს აღსანიშნად
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ფუნქციონირების ერთი წლის იუბილეს აღსანიშნად NASA-მ გასაოცარი სურათი გამოაქვეყნა.
მსოფლიოში უმძლავრესი ტელესკოპის მიერ გადაღებულ კადრზე ვარსკვლავის დაბადებაა აღბეჭდილი. ფოტოზე გამოსახულია ჩვენგან 390 წლის სინათლის მოშორებით მდებარე რეგიონი, რომელიც რო გველისმჭერის ვარსკვლავთწარმომქმნელ ღრუბელშია განლაგებული.
ეს ჩვენთან ყველაზე ახლომდებარე ასეთი არეალია და მნათობების ფორმირების პროცესზე დეტალურად დაკვირვების საშუალებას გვაძლევს. სურათზე ნაჩვენები რეგიონი 50-მდე ახალგაზრდა ვარსკვლავს მოიცავს, რომელთა მასაც მზის მსგავსია ან უფრო ნაკლები. მუქი ადგილები ყველაზე მკვრივია, სადაც სქელ ღრუბელში გახვეული პროტოვარსკვლავებია.
"ვების მიერ გადაღებული რო გველისმჭერი საშუალებას გვაძლევს, ვარსკვლავის სიცოცხლის ციკლის ძალიან ხანმოკლე პერიოდს მკაფიოდ დავაკვირდეთ. მსგავსი ფაზა ჩვენმა მზემაც გაიარა, რაც დიდი ხნის წინ მოხდა, ახლა კი გვაქვს ტექნოლოგია, რომლითაც სხვა ვარსკვლავის ისტორიის დასაწყისს ვხედავთ", — აცხადებს ვების პროექტზე მომუშავე მეცნიერი, კლაუს პონტობიდანი.
მოწითალო შეფერილობით წარმოდგენილია მოლეკულური წყალბადის უზარმაზარი ნაკადები, რომლებსაც გამოსახულების ზედა მხარეს ვხედავთ. ქვემოთ მნათობ S1-ის გავლენით კოსმოსურ მტვერში გამოთავისუფლებული კაშკაშა ღრუ ადგილია. ესაა ამ კადრში აღბეჭდილი ერთადერთი მნათობი, რომელიც მზეზე მასიურია.
"მხოლოდ ერთ წელში ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კაცობრიობის მიერ კოსმოსის ხედვა შეცვალა, მტვრის ღრუბლებში შეგვახედა და სამყაროს შორეული კუთხეებიდან წამოსულო სინათლე პირველად დაგვანახა. ყოველი ახალი სურათი ახალი აღმოჩენაა, რამაც მეცნიერებს შესაძლებლობა მისცა, დაესვათ კითხვები და გაეცათ პასუხები, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდნენ", — ამბობს NASA-ს ხელმძღვანელი, ბილ ნელსონი.
კომენტარები