ახალ სოციალურ ქსელ Threads-ს უკვე 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს
5 ივლისს Facebook-ისა და Instagram-ის მშობელმა კომპანია Meta-მ ახალი სოციალური ქსელი გამოუშვა. ის Threads-ის სახელითაა ცნობილი და Twitter-ის ანალოგია. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აპლიკაციას მხოლოდ 5 დღე დასჭირდა იმისთვის, რომ მომხმარებელთა რაოდენობას 100 მილიონისთვის გადაეჭარბებინა.
ასევე, იხილეთ: 10 რამ, რაც Twitter-სა და ახალ სოციალურ ქსელ Threads-ს ერთმანეთისაგან განასხვავებს
კერძოდ, ამჟამინდელი მონაცემებით, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც Threads-ს იყენებს, 104 მილიონზე მეტია.
მცირე დროში აპლიკაციის ასეთ პოპულარობას ისიც განაპირობებს, რომ ის უფასოა და Instagram-ზეა მიბმული, რომელსაც მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. გასათვალისწინებელია, რომ Threads უკვე 100 სახელმწიფოშია ხელმისაწვდომი, თუმცა მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები არაა.
ამის მიუხედავად, აპლიკაციაში გაშვებიდან პირველ 7 საათში 10 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა, მალევე ეს რაოდენობა 30 მილიონამდე გაიზარდა, შემდეგ კი გაორმაგდა და მეტიც.
აღსანიშნავია, რომ Threads-ს Twitter-ისგან ბევრი რამ განასხვავებს. მაგალითად, ახალ აპლიკაციაში პირად შეტყობინებებს ვერ გაგზავნით, მას ვერიფიკაციის ფუნქცია არა აქვს, შეუძლებელია ერთიდან მეორე ანგარიშზე გადართვაც და ის მხოლოდ აპლიკაციის სახითაა ხელმისაწვდომი.
ასევე, Threads აპლიკაცია Twitter-ს ვიზუალურად ჰგავს, თუმცა ფუნქციებს სხვა სახელები აქვს: retweet-ები repost-ებითაა ჩანაცვლებული, tweet-ებს კი thread-ები ჰქვია. იქ მაქსიმუმ 500-სიმბოლოიანი პოსტების დაწერა შეგიძლიათ, როცა ეს ლიმიტი Twitter-ზე 280 სიმბოლოა. შეგეძლებათ 5 წუთამდე ვიდეოების დადებაც, პოსტების სხვა პლატფორმებზე გაზიარება კი ბმულების საშუალებით მოხერხდება.
ისევე, როგორც ინსტაგრამზე, შეგეძლებათ, სხვა მომხმარებლებს მიმდევრობა გაუუქმოთ, ისინი დაბლოკოთ, მათთან ინტერაქცია შეზღუდოთ ანდა დარღვევების შესახებ განაცხადოთ. შესაძლებელი იქნება ისიც, რომ კონკრეტული სიტყვების შემცველი პასუხები გაიფილტროს.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Threads-ში პოლიტიკური და მნიშვნელოვანი ახალი ამბები გამოჩნდება, მაგრამ ეს არ წახალისდება. მათი თქმით, შიგთავსში უპირატესობა მიენიჭება უფრო მსუბუქ თემებს, როგორიცაა სპორტი, მუსიკა, მოდა და გართობა.
კომენტარები