NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე რეკორდული ოდენობის ჟანგბადი წარმოქმნა
NASA-ს მიერ მარსის შესასწავლად გაშვებულმა მავალმა Perseverance საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და წითელ პლანეტაზე ჟანგბადი იმაზე დიდი ოდენობით წარმოქმნა, ვიდრე ოდესმე. ამ უმნიშვნელოვანესი ელემენტის წყაროდ აპარატმა ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ატმოსფერო გამოიყენა.
მარსმავალმა ჟანგბადის გამომუშავება მასზე დამონტაჟებული ხელსაწყოს, Oxygen In Situ Resource Utilization Experiment (MOXIE)-ის მეშვეობით შეძლო, საბოლოოდ კი წინა ექსპერიმენტის შედეგი გააორმაგა. ეს მიმდინარე თვის დასაწყისში მოხდა.
"ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ეს აქამდე ყველაზე სარისკო მცდელობა იყო. შესაძლოა, ყველაფერი არასწორად წარმართულიყო და ხელსაწყო დაზიანებულიყო. ფაქტობრივად, კამათლები გავაგორეთ. ეს ჰგავდა სიტუაციას, როცა ამბობ: სუნთქვა შეიკავე და ვნახოთ რა მოხდება", — აცხადებს MOXIE-ზე მომუშავე მაიკლ ჰეკტი.
მეცნიერები ამბობენ, რომ მოწყობილობის მიერ ჟანგბადის წარმოქმნის ტემპი საათში დაახლოებით 12 გრამი იყო, მოსალოდნელზე ორჯერ მეტი. ექსპერიმენტი 58 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
MOXIE მარსზე არსებულ აირებს სპეციალურ რეზერვუარში ტუმბავს, შემდეგ კი ელექტროქიმიური პროცესების დახმარებით ნახშირორჟანგის მოლეკულიდან ჟანგბადს აცალკევებს. ამ დროს შესაძლოა, იქ ნახშირბადის მყარი მეორეული პროდუქტი დაგროვდეს, ამიტომ მსგავსი მცდელობები სარისკოა.
2021 წლიდან მოყოლებული, ასეთი 7 ექსპერიმენტი ჩატარდა. ამჟამინდელი დაფინანსება წლის ბოლოსთვის ამოიწურება. მკვლევრები დედამიწაზე MOXIE-ის პროტოტიპების გამოცდას გეგმავენ, რათა მარსის ხანგრძლივი მისიებისთვის საკმარისი ჟანგბადის გამომუშავება შეძლონ.
კომენტარები