Domino's-ის კურიერმა მუსიკალურ ფესტივალზე პიცა საფრენი კოსტიუმის გამოყენებით მიიტანა
როგორც The Independent იუწყება, Domino's-მა ინგლისში, ცნობილ Glastonbury-ს მუსიკალურ ფესტივალზე მომხმარებელს პიცა საკმაოდ "არატრადიციული" გზით — საფრენი კოსტიუმის გამოყენებით — მიაწოდა. ეს კი შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან იგი ელტონ ჯონის მიერ "Rocket Man"-ის შესრულებას დაემთხვა.
"ყოველწლიურად უამრავი ფესტივალის დამსწრე ცდილობს ფესტივალზე პიცის შეპარებას", — განაცხადა Domino's-ის პიარ მენეჯერის ასისტენტმა, სემ უილსონმა. "ასე რომ, წელს გვინდოდა, გამოგვეცადა საკუთარი rocket man სერვისი, რათა დავხმარებოდით ფესტივალის სტუმრებს, რომ მომავალში ეს სიამოვნება მიეღოთ."
როგორც ჩანს, ფესტივალის დამსწრეები კომპანიის ამ ნაბიჯით მოხიბლულები დარჩნენ.
"გლასტოს თავზე საფრენი კოსტიუმის დაშვება წარმოუდგენელი სანახაობა იყო", — განუცხადა The Independent-ს ფესტივალის მონაწილე ნატალი დიქსონმა, რომელიც მოვლენის თვითმხილველი იყო. "მე არასოდეს მინახავს საფრენი კოსტიუმი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მიერ პიცის მიწოდებაზე. ერთი სული მაქვს, როდის დაეშვება ერთი ასეთი ჩემს სახურავზე."
საფრენი კოსტიუმები მწარმოებელი კომპანია Gravity Industries-ის სპიკერმა განაცხადა, რომ ეს შემთხვევა მათი პროდუქციის "უჩვეულო" გამოყენებას წარმოადგენს, თუმცა იგი, შესაძლოა, ეფექტური და სწრაფი საკურიერო მომსახურების მომავალი გახდეს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ Gravity Industries-ის კოსტიუმების ფასი იწყება, დაახლოებით, 483 000 აშშ დოლარიდან, საკითხავია, რამდენად შეძლებს Domino's ან რომელიმე სხვა კომპანია მიწოდების ამ მეთოდის გამოყენებას უახლოეს მომავალში.
კომენტარები