FDA-მ ერექციული დისფუნქციის საწინააღმდეგო გელის ურეცეპტოდ გაყიდვა დაუშვა
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ქვეყანაში ერექციული დისფუნქციის სამკურნალო გელის ურეცეპტოდ გაყიდვა დაუშვა. მას "de novo-ს" კლასიფიკაცია მიენიჭა, რადგან სრულიად ახალი ტიპის პროდუქტია.
Eroxon-ის სახელით ცნობილი სამკურნალო საშუალება დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაში უკვე ავტორიზებულია. გაერთიანებულ სამეფოში მისი ღირებულება დაახლოებით 24.99 გირვანქა სტერლინგია, რაც 31 აშშ დოლარის ეკვივალენტურია. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ დოლარად შეძლებენ მის შეძენას ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ფარმაცევტული კომპანია Futura Medical-ის განცხადებით, გელი, რომლის თითო დოზაც სპეციალურ ტუბშია მოთავსებული, პენისის მიმდებარედ სისხლის მოძრაობას აჩქარებს. ამას ის ფიზიკური გაცივების, შემდეგ კი გათბობის ეფექტით ნერვული დაბოლოებების სტიმულირების გზით ახერხებს.
გელი პენისის თავზე 15 წამის განმავლობაში უნდა შეიზილოს, რის შემდეგაც ერექცია უმეტესწილად 10 წუთში მიიღწევა. შედარებისთვის, ყველასთვის კარგად ცნობილი ვიაგრა აშშ-ში რეცეპტით იყიდება და მის შემთხვევაში შედეგის მიღებას 30 წუთამდე დრო სჭირდება. Futura Medica-ში აღნიშნავენ, რომ Eroxon-ს 22 კლინიკური ცდა აქვს გავლილი, მათ შორის ბიოთავსებადობაზე, ეფექტიანობასა და ადამიანურ ფაქტორებზე.
CDC-ის ინფორმაციით, მხოლოდ აშშ-ში ერექციული დისფუნქცია 30 მილიონამდე კაცს აწუხებს. ის არა მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ მაღალი წნევის, დიაბეტის, შფოთვის, დეპრესიისა და სხვა პრობლემების მქონე ინდივიდებშიც იჩენს თავს.
კომენტარები