2 ივნისს მარსს პირდაპირი ტრანსლაციით პირველად ვიხილავთ — სად ვუყუროთ
2 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ისტორიაში პირველად მოგვეცემა საშუალება, რომ მარსის ორბიტიდან დანახულ წითელ პლანეტას თვალი პირდაპირი ტრანსლაციით მივადევნოთ. ეს იდეა ევროპის კოსმოსურ სააგენტოს ეკუთვნის, რომელიც საზოგადოებას მსგავს გასაოცარ გამოცდილებას ზონდ Mars Express-ის 20 წლის იუბილეს აღსანიშნად სთავაზობს.
მარსის ორბიტაზე მოძრავი ეს აპარატი მასზე დამონტაჟებული კამერის Visual Monitoring Camera (VMC) მიერ გადაღებულ კადრებს დედამიწაზე პირდაპირ გამოგზავნის. ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ლანდშაფტის ამსახველ სურათებს მთელს მსოფლიოში იხილავენ. სააგენტოში იმედოვნებენ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის და შესაძლებლობა მოგვეცემა ვნახოთ, როგორია წითელი პლანეტა "ახლა".
"ეს აქამდე არავის უცდია და, გულწრფელად რომ ვთქვა, 100 პროცენტით დარწმუნებულები არ ვართ, რომ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის. ამის მიუხედავად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. როგორც წესი, ისეთ სურათებს ვხედავთ, რომლებიც რამდენიმე დღის წინაა გადაღებული. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ მარსს ისეთს დავინახავ, როგორიც ახლაა — ყველაზე მიახლოებულს მარსულ "ახლასთან", სადამდეც მისვლაც შეგვიძლია", — აცხადებს ESA-ს წარმომადგენელი, ჯეიმს გოდფრი.
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში "ახლა" დროში ოდნავ დაგვიანებული იქნება, რადგან მარსსა და დედამიწას შორის საშუალო დისტანცია 225 მილიონი კილომეტრია. შესაბამისად, იქიდან გამოგზავნილი მონაცემების აქამდე მოღწევასა და ჩვენს ეკრანებზე გამოჩენას დაახლოებით 18 წუთი დასჭირდება. ახალ კადრებს ყოველ 50 წამში მივიღებთ.
ტრანსლაციისთვის თვალის მიდევნებას ევროპული კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურ YouTube არხზე შეძლებთ:
კომენტარები