Google-ში ძიებისას ხელოვნური ინტელექტი გიპასუხებთ — კომპანიამ ახალი სისტემა გაააქტიურა
როგორი იქნება Google-ით ძებნის ახლებური გამოცდილება?
დღეიდან, Google AI-ზე დაფუძნებულ ძებნის სისტემას ააქტიურებს. Google Search Generative Experience-ზე (SGE) წვდომა თავდაპირველად აშშ-ში ექნებათ. მომლოდინეთა რიგი დიდია და ამ სიას აშშ-ში ამ ბმულზე უერთდებიან.
უცნობია, როდის შევძლებთ საქართველოში ამ სერვისით სარგებლობას. თუმცა მანამ, სანამ ეს სიახლე ჩვენთანაც გახდება ხელმისაწვდომი, Google-ის მიერ გავრცელებული ვიდეოდან შეგვიძლია გავეცნოთ, როგორი იქნება ძებნის ახლებური გამოცდილება:
თვის დასაწყისში, Google-მა ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ SGE არის კომპანიის მცდელობა, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები გააერთიანოს კლასიკურ საძიებო გამოცდილებაში. თუ ხელოვნური ინტელექტი აქამდე Google-ის საძიებო ალგორითმის მიღმა იყო, ახლა ის წინ წამოიწევს და მასთან შეხება თითოეული მომხმარებლისთვის საგრძნობი იქნება.
ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, როცა ხელოვნური ინტელექტის სფეროში ტექნოლოგიური გიგანტების ომის მომსწრენი გავხდით, ვსვამდით კითხვას: დავგუგლავთ თუ ჩატბოტს ვკითხავთ? რამდენიმე თვეში ამ კითხვაზე პასუხი ასეთია — დავგუგლავთ და ჩატბოტი გვიპასუხებს.
ასევე იხილეთ: "დავგუგლავთ" თუ ჩატბოტს ვკითხავთ? — რა ეტაპზეა Google-ისა და Microsoft-ის ომი AI დომინირებისთვის
თუ Microsoft-ის Bing გამოგიყენებიათ, ელოდეთ ნაცნობ, თუმცა ჯერჯერობით, მისგან განსხვავებულ პროდუქტს. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მიერ მოძიებული პასუხები საძიებო ველის ქვეშ, გაფერადებულ ფონზე გამოჩნდება, სტანდარტული Web პასუხების ზემოთ. ChatGPT-სგან მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ აქ მოწოდებული ინფორმაციის წყაროების ნახვასაც შეძლებთ და პასუხების სახით ფოტოებსა და ვიდეოებსაც მიიღებთ. გარდა ამისა, კითხვაზე სხვადასხვა ფორმატის პასუხის მიღების შემდეგ დამატებითი კითხვების დასმაც იქნება შესაძლებელი.
კომენტარები