კაცობრიობა ხვალ "უცხოპლანეტურ" შეტყობინებას მიიღებს — უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტის სიმულაცია
გზავნილის შინაარსის გაშიფვრას არაერთი მეცნიერი და დაინტერესებული პირი შეეცდება.
24 მაისს, თბილისის დროით საღამოს 7 საათზე, ევროპის Trace Gas Orbiter (TGO) ზონდი მარსიდან დაშიფრულ შეტყობინებას გამოგზავნის, რომელსაც დედამიწის სამი დიდი რადიოტელესკოპი მიიღებს. ეს ერთგვარი მცდელობაა იმის შესამოწმებლად, თუ როგორ შევძლებთ სამომავლოდ უცხოპლანეტურ ცივილიზაციებთან კომუნიკაციას.
პროექტს A Sign in Space ეწოდება. გამოგზავნის შემდეგ გზავნილის გაშიფვრას არაერთი მეცნიერი თუ დაინტერესებული პირი შეეცდება მთელი მსოფლიოდან.
მარსიდან დედამიწაზე ჩამოსაღწევად შეტყობინებას 16 წუთი დასჭირდება. ზონდიდან გზავნილს Allen Telescope Array (ATA), Green Bank ტელესკოპი და Medicina-ს რადიოასტრონომიული სადგური მიიღებს. თითოეული ამ დაწესებულების მკვლევრები გზავნილს გააანალიზებენ, შემდეგ კი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს გახდიან.
საგულისხმოა, რომ დაინტერესების შემთხვევაში თავადაც შეგიძლიათ, გზავნილის გაშიფვრა სცადოთ და იდეები პროექტის ვებსაიტს მიაწოდოთ — A Sign in Space-ის ორგანიზატორთა აზრით, პროექტში საზოგადოების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ასპექტია.
პროექტის ფარგლებში ხვალ გუნდის წევრებთან ინტერვიუებს შემოგვთავაზებენ; პირდაპირ ეთერში ვიხილავთ სამი რადიოტელესკოპის მართვის პუნქტებსაც. ჩართვა 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება — შეტყობინების გამოგზავნამდე 45 წუთით ადრე.
უცხოპლანეტური ცივილიზაციებისგან გზავნილების დაფიქსირებაზე გუნდი მომდევნო კვირებში არაერთ საჯარო შეხვედრას გამართავს Zoom პლატფორმაზე.
კომენტარები