მეცნიერები გვაფრთხილებენ — 2100 წლისთვის 2 მილიარდი ადამიანი მომაკვდინებელი სიცხის წინაშე აღმოჩნდება
გლობალური დათბობის შეზღუდვის ამჟამინდელი სუსტი პოლიტიკა საუკუნის ბოლოსთვის კაცობრიობის მეხუთედზე მეტს პოტენციურად მომაკვდინებელი სიცხის წინაშე დააყენებს. ამის შესახებ მეცნიერები ორშაბათს, ჟურნალ Nature Sustainability-ში გამოქვეყნებულ კვლევაში წერენ.
თუ კლიმატთან დაკავშირებით ქვეყნების ამჟამინდელი პასიური პოლიტიკა გაგრძელდება, 2100 წლისთვის, დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 2.7 ცელსიუს გრადუსით მოიმატებს პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით. ეს კი 2 მილიარდზე მეტ ადამიანს (გამოთვლებისა და პროგნოზების თანახმად, 2100 წლის მსოფლიო მოსახლეობის 22%-ს), კლიმატის ცვლილების ლეტალური გამოვლინებების წინაშე დაუცველად დატოვებს.
ამ სცენარის თანახმად, ქვეყნები და მოსახლეობის წილი, რომლიც მომაკვდინებელი სიცხის პირისპირ აღმოჩნდება, ასე გამოიყურება: ინდოეთი — 600 მილიონი ადამიანი, ნიგერია — 300 მილიონი ადამიანი, ინდონეზია — 100 მილიონი მოსახლე, ფილიპინები — 80 მილიონი, პაკისტანი 80 მილიონი და ა.შ.
პრეინდუსტრიულ მაჩვენებელთან შედარებით გლობალური ტემპერატურული ნაზრდის 1.5 °C-ზე შენარჩუნება (რაც 2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმების მიზანი იყო), ამ რისკის წინაშე მდგარი ადამიანების რიცხვს საგრძნობლად შეამცირებდა, დაახლოებით, ნახევარი მილიარდით. თუმცა, არსებული კლიმატის პოლიტიკის პირობებში ამ მიზნის მიღწევის პერსპექტივა ბუნდოვანია.
ამ მომენტისთვის 1.2 °C-იანმა ტემპერატურულმა ნაზრდმა უკვე გამოიწვია ინტენსიური სითბური ტალღები, წყალდიდობები, ტყის ხანძრები... უკანასკნელი 8 წელი კი ყველაზე ცხელი იყო ისტორიაში.
ასევე იხილეთ: 486 დაღუპული — ანომალიური სიცხის (49.6°C) გამო კანადაში მთლიანი სოფელი დაიწვა
"გლობალური დათბობის ფასი ხშირად ფინანსური ტერმინების გავლით გამოიხატება, ჩვენი კვლევა კი ხაზს უსვამს ფენომენალურ ადამიანურ ფასს, რომლის გადახდაც კლიმატის საგანგაშო მდგომარეობასთან გაუმკლავებლობის შემთხვევაში მოგვიწევს. არსებულ მაჩვენებელთან შედარებით ყოველი 0.1 °C-იანი ნაზრდი 140 მილიონი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში სიცხის წინაშე აღმოჩენას ნიშნავს", — ამბობს კვლევის მთავარი ავტორი, ექსეტერის უნივერსიტეტის გლობალური სისტემების ინსტიტუტის დირექტორი — ტიმ ლენტონი.
კვლევის დასკვნებში "საშიში სიცხე" განსაზღვრულია როგორც 29 °C-იანი საშუალო წლიური ტემპერატურა (MAT). ისტორიის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 13 °C იყო დედამიწის ზომიერ ზონებში, ხოლო 27 °C იმ ადგილებში, სადაც ტროპიკული კლიმატია.
გლობალური დათბობა მთელ დედამიწაზე ზემოქმედებს, თუმცა ლეტალური სიცხის რისკის ქვეშ უფრო ის რეგიონები არიან, რომელთა საშუალო წლიური ტემპერატურა ამ წითელ ხაზთან – 29 °C-თან ახლოსაა.
ასევე იხილეთ: სამეცნიერო კვლევების 99.9% მიუთითებს, რომ კლიმატის ცვლილება ადამიანის მიერაა გამოწვეული
კვლევები აჩვენებს, რომ მდგრადი მაღალი ტემპერატურა ამ ზღურბლზე ან მის მიღმა, მტკიცედ არის დაკავშირებული უფრო მეტ სიკვდილიანობასთან, შრომის პროდუქტიულობის დაქვეითებასთან და დაბალ მოსავლიანობასთან, ასევე უფრო მეტ კონფლიქტთან და ინფექციურ დაავადებებთან.
ჯერ კიდევ 40 წლის წინ, მსოფლიოში მხოლოდ 12 მილიონი ადამიანი იყო ამგვარ უკიდურესობაში. ამ მომენტისთვის, ეს რიცხვი ხუთჯერაა გაზრდილი და როგორც ახალი კვლევა ასკვნის, მომდევნო ათწლეულებში კიდევ უფრო მკვეთრად გაიზრდება.
რისკი განსაკუთრებით მაღალია ეკვატორის მიმდებარე რეგიონებში, სადაც ადამიანთა პოპულაციები ყველაზე სწრაფად ფართოვდება. ტროპიკული კლიმატი შეიძლება გახდეს სასიკვდილო დაბალ ტემპერატურაზეც კი, როდესაც მაღალი ტენიანობა ხელს უშლის ორგანიზმს, ოფლიანობის სახით, გაგრილების ჩვეულ სისტემას მიმართოს.
უკიდურესი ნოტიო სიცხის ეპიზოდები 1979 წლიდან დღემდე გაორმაგდა. კვლევაში ნათქვამია, რომ ექსტრემალური სიცხის პირობებში ძირითადად ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა ხვდება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ნახშირბადის ემისია მცირეა. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ინდოეთი ყოველწლიურად გამოყოფს საშუალოდ ორ ტონა CO2-ს ერთ ადამიანზე, ნიგერიაში ეს მაჩვენებელი ნახევარი ტონაა, ევროკავშირში შვიდ ტონაზე ნაკლები, ხოლო აშშ-ში ერთი სული მოსახლე ყოველწლიურად 15 ტონა CO2-ს გამოყოფს.
ასევე იხილეთ: კლიმატის ცვლილება უარესდება — როგორ გადავურჩით 2022 წელს
მთავრობებისა და კომპანიების მიერ ნახშირბადის ემისიების შემცირების დაპირებები ჯერ ქმედით ნაბიჯებში არავის უთარგმნია... ამ მხრივ რეალური მოქმედების დაწყების შემთხვევაში, ეს ნაწილობრივ მაინც შეაჩერებს გლობალური ტემპერატურის ზრდას, თუნდაც 2 °C-ზე დაბლა, რაც საშუალებას მისცემს ასობით მილიონ ადამიანს, აირიდონ კატასტროფული, მომაკვდინებელი სიცხე.
ამჟამინდელი, კლიმატთან დაკავშირებული მსოფლიო პოლიტიკის შედეგი კი, ახალი კვლევის თანახმად, შეიძლება 2.7 °C-იანი ან უარესი ტემპერატურული ნაზრდი იყოს. რაც საუკუნის ბოლოსთვის მილიარდობით ადამიანისთვის სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველ გარემოს შექმნის.
კომენტარები