მარილის მოხმარების შემცირება საქართველოში 10 000 ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს — WHO
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო მარილის შემცირების ეროვნული კამპანია "ნაკლები მარილი, უკეთესი ჯანმრთელობა საქართველოსთვის", რომელიც არაგადამდებ დაავადებათა შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმის ნაწილია.
"უახლესი მტკიცებულებების თანახმად, მარილის მოხმარების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ყველაზე მაღალი უკუგება. საქართველოში, მომდევნო 15 წლის განმავლობაში ამ ინიციატივას შეუძლია გადაარჩინოს 10 000-მდე სიცოცხლე, ხოლო ეკონომიკური მოგება ყოველ დახარჯულ 1 ლარზე 19.6 ლარია", — განაცხადა სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელმა და წარმომადგენელმა საქართველოში.
ერთობლივი კამპანია, რომელიც ეყრდნობა ქცევით ფაქტორებს, მიზნად ისახავს მოსახლეობის და გადაწყვეტილების მიმღებთა ინფორმირებულობის ამაღლებას მარილის ჭარბ მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების და მარილის მოხმარების შემცირების არსებული სტრატეგიებისა და ხერხების შესახებ.
მარილის მაღალი მოხმარება არტერიული ჰიპერტენზიისა და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებების მთავარი რისკ-ფაქტორია. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ავადობის, უნარშეზღუდულობის და სიკვდილობის ძირითადი მიზეზია გლობალურად და საქართველოში და წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს. ამასთანავე, ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კავშირს მარილის ჭარბ მოხმარებასა და ისეთი დაავადების გაზრდილ რისკებს შორის, როგორიცაა კუჭის კიბო, სიმსუქნე, ოსტეოპოროზი და თირკმლის სნეულებები.
2016 წლის STEPS კვლევის მიხედვით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს 8.5 გ მარილს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმოს მიერ რეკომენდებულ დოზას (5 გრამი/დღე). კაცებს შორის კი, რომლებიც გულის დაავადებათა უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ეს მაჩვენებელი დღეში 10 გრამს უტოლდება.
WHO-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა წამოიწყო ინიციატივა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ტვირთის და მაღალი არტერიული წნევის გავრცელების უთანასწორობის შესამცირებლად ჰიპერტენზიის კონტროლის გაუმჯობესებით პირველადი ჯანდაცვის დონეზე და მარილის შემცირების სტრატეგიების დანერგვით. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ევროპის რეგიონში, რომელიც ამ ინიციატივას გამოეხმაურა.
კომენტარები