ბრაზილიის სანაპიროზე ტურისტებს პირანიები დაესხნენ თავს
პირანიების შესახებ, ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია. ესაა მცირე ზომის თევზები, რომლებიც საკმაოდ ბასრი კბილების გამოყენებით მსხვერპლს თავს ესხმიან. მათ ახლოს მოხვედრას არავინ ისურვებს, თუმცა ბრაზილიის სანაპიროზე 8 ტურისტი შემთხვევით სწორედ ამ არსებებს გადააწყდა, რაც მათთვის ცუდად დასრულდა.
ისინი ქალაქ მანაუსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დასასვენებლად იმყოფებოდნენ, როცა წყალში შესულებს მოულოდნელად პირანიები მიუახლოვდნენ და ფეხები დაუგლიჯეს. სპეციალისტების აზრით, თევზების პროვოცირება იმან გამოიწვია, რომ ტურისტები იმყოფებოდნენ არეალში, სადაც პირანიებისთვის საკვებს ტოვებენ ხოლმე. როგორც ჩანს, მათ ადამიანები ამ საჭმელში შეეშალათ და მათ დაესხნენ თავს.
შესაძლოა, ეს წყალში გაჟონილ სისხლს, კანზე არსებულ დაზიანებას ან გარკვეულ მოძრაობას განეპირობებინა. იქიდან გამომდინარე, რომ პირანიების ერთი კბენაც კი ძლიერ სისხლდენას იწვევს, ამ "ნადიმში" ჯგუფის სხვა წევრებიც ჩაერთნენ, რაც მათთვის დამახასიათებელია.
უნდა ითქვას, რომ პირანიები ასე უბრალოდ ადამიანებს თავს არ ესხმიან, თანაც მათი ზოგიერთი სახეობა ხორცს საერთოდ არ ჭამს. უმეტესად ისინი მცენარეულობით, მწერებითა და თევზის ფარფლებით იკვებებიან ან უკვე მკვდარი ცხოველის ლეშით კმაყოფილდებიან.
ასეა თუ ისე, ძლიერი კბენით ისინი დიდ თეთრ ზვიგენს უტოლდებიან და 14 ბასრი კბილით ადამიანის სერიოზულად დასახიჩრება შეუძლიათ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.
კომენტარები