მეცნიერებმა პეპლების ახალ გვარს "ბეჭდების მბრძანებლის" ანტაგონისტის სახელი დაარქვეს
მეცნიერებმა პეპლების ახალი გვარი აღმოაჩინეს, რომელსაც ფენტეზის ჟანრის მამად წოდებული ტოლკინის ცნობილ ნაწარმოებში "ბეჭდების მბრძანებელი" არსებული ანტაგონისტის, საურონის, სახელი დაარქვეს.
ჯერჯერობით Saurona-ს გვარის მხოლოდ ორი სახეობაა ცნობილი: Saurona triangula და Saurona aurigera, რომლებიც ამაზონის ჯუნგლების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშია გავრცელებული. მორდორის ბნელი მბრძანებლის პატივსაცემად სახელი მათ გარეგნული მახასიათებლების გამო ეწოდათ. კერძოდ, ამ პეპლების ფრთებზე გამოსახული ლაქები საურონის ყოვლისმხედველ თვალს ჰგავს.
ეს გვარი უფრო ფართო ჯგუფში Euptychiina ერთიანდება, რომელშიც მცირე ზომის მოყავისფრო პეპლები შედის. მათი ერთმანეთისგან გარჩევა ძნელია. სპეციალისტებმა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში 5.5 მილიონზე მეტ ნიმუშზე დაკვირვების გზით 400-ზე მეტი სახეობა შეისწავლეს. ამ კვლევას ისინი სწორედ საურონის თვალის მზერას ადარებენ.
იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა ფაქტორი პეპლებს საფრთხის წინაშე აყენებს, საჭიროა, ისინი გადაშენებისგან დავიცვათ. ავტორების აზრით, ეს "ბეჭდების მბრძანებლის" ეპიკურ ბრძოლას ჰგავს, რომელშიც ადამიანთა არმია უნდა ჩაერთოს.
მათი ნაშრომი გამოცემაში Systematic Entomology გამოქვეყნდა.
კომენტარები