ტყიბულელ ბავშვებს ტექნოლოგიური კლუბის განსავითარებლად დახმარება სჭირდებათ — რა შეგვიძლია
თანამედროვე მსოფლიო ტექნოლოგიური და სამეცნიერო წინსვლის ეპოქაშია, რის გამოც ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა და მომავლის პროფესიებით მათი დაინტერესება უმნიშვნელოვანესია. ამის მიუხედავად, რაიონებში იშვიათად შეხვდებით სივრცეებს, სადაც ისინი საჭირო ინფორმაციას იღებენ და ახლის ძიებაში თავად არიან ჩართულები.
ტყიბულში არსებული "STEM კლუბი" ერთ-ერთი გამონაკლისია და ის უკვე მესამე წელია, მოხალისეობრივად ფუნქციონირებს. იქ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, რობოტიკის, ელ. ინჟინერიისა თუ პროგრამირების საფუძვლები შეისწავლონ, კლუბის საქმიანობაში ჩაერთონ და კურსები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ინოვაციური გახადონ.
"STEM კლუბით" მოსალოდნელზე მეტი ადამიანი დაინტერესდა და აქტივობებში 50-მდე მოსწავლე ჩაერთო, რომლებიც ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაშიც მონაწილეობენ. მათ საჭირო სივრცე, მასალა და სხვა სახის მხარდაჭერა "ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის" წყალობით აქვთ, თუმცა კლუბი მზადაა, ახალ ეტაპზე გადავიდეს და კურსების შინაარსი გააფართოოს, მასშტაბი კი გაზარდოს.
ამაში მათ ჩვენი, საზოგადოების, დახმარება სჭირდებათ. კლუბისთვის ფულადი დონაციისთვის orbelianimeti.ge-ის ბმულზე უნდა გადახვიდეთ (დააჭირეთ "ბმულს"), შემდეგ კი შეძლებთ, სასურველი ოდენობის თანხა გადარიცხოთ.
ეს კლუბს საშუალებას მისცემს, მოსწავლეების რაოდენობა გააორმაგოს და კურსებზე არა მხოლოდ 12-16 წლის ახალგაზრდები, არამედ ყველა სასკოლო საფეხურის ჯგუფები მიიღოს. შედეგად, ისინი ადრეული ასაკიდანვე დაიწყებენ ცოდნის გაღრმავებას და ეტაპობრივად შეიძენენ პროფესიულ უნარებს. გამრავალფეროვნდება სასწავლო მასალებიც და პროექტიც მეტად სისტემური გახდება. მოსწავლეებს გზა გაეხსნებათ ჰაკათონებისა და ოლიმპიადებისკენ, ასევე, გაიზრდება ინტელექტუალური რესურსი, რაც სამომავლო გეგმების განსახორციელებლად აუცილებელია.
გახსოვდეთ, რომ თითოეული ჩვენგანის უმცირესი წვლილიც კი მათთვის უმნიშვნელოვანესია.
კომენტარები