მეცნიერებმა ზღვებისა და ოკეანეების მზით განათებულ ზედაპირზე სრულიად ახალი ტიპის ვირუსები აღმოაჩინეს, რომელთა მსგავსიც აქამდე არ დაგვიფიქსირებია. მათ მირუსვირუსებად მოიხსენიებენ, სადაც "მირუსი" ლათინურად მშვენიერს ან უცნაურს ნიშნავს. ისინი გიგანტურ ვირუსებთან და ჰერპესვირუსებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ახალი მიგნება შესაძლოა, ამ უკანასკნელის ევოლუციის უკეთ შესწავლაში დაგვეხმაროს.

მირუსვირუსები Duplodnaviria-ს სახელით ცნობილ ფართო კატეგორიაში ერთიანდება, სადაც ჰერპესის ვირუსიც მოიაზრება. მისგან განსხვავებით, ახალაღმოჩენილი პათოგენები ადამიანებისთვის უსაფრთხოა და მხოლოდ ერთუჯრედიან პლანქტონებს აინფიცირებს. ეს მიუთითებს, რომ ჰერპესვირუსების "წინაპრები" სწორედ მსგავს ორგანიზმებს უტევდნენ.

მირუსვირუსების უმეტესობის გენები გიგანტური ვირუსებისას ჰგავს, მაგრამ მაინც ძალიან უნიკალურია, რადგან დნმ-ის შემცველი ყველა სხვა ვირუსისგან გამოირჩევა. სპეციალისტთა თქმით, ეს აღმოჩენა გვახსენებს, რომ უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემების ევოლუციური და ეკოლოგიური სირთულე სრულად ჯერაც არ გამოგვიკვლევია, მათ შორისაა ზღვებისა და ოკეანეების ზედაპირი.

ფოტო: Morgan Gaïa

ახალი ვირუსები ავტორებმა Tara Ocean-ის ექსპედიციის დროს 200 სხვადასხვა ადგილიდან შეგროვებული 35 000-ზე მეტი ნიმუშის შესახებ არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად აღმოაჩინეს. ასევე, გაშიფრეს მათი გენეტიკური მასალაც, რამაც სპეციალისტებს უფრო მეტი ინფორმაცია მისცა.

"Tara Oceans-მა პლანქტონთა ეკოლოგიის ჩვენებური გაგება შეცვალა. ეს კვლევა ადასტურებს, რომ ამ გასაოცარმა ექსპედიციამ ფუნდამენტურ ევოლუციურ კითხვებზე პასუხები შემოგვთავაზა. მირუსვირუსების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია. ისინი უნდა გავამრავლოთ, არ მოგვეპოვება მათი ვირუსული ნაწილაკის სურათიც და ნიმუშები ოკეანეების გარდა სხვა ადგილებშიც შესასწავლია", — აცხადებენ ავტორები.

მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.