აჭარაში მცხოვრები გოგოებისთვის ონლაინ TECH ბანაკი — I Girl — #აიგოგო იწყება
მრავალი შესაძლებლობის მიუხედავად, დღეს ქალები მაინც არიან არჩევანში შეზღუდული, რადგან საზოგადოება მუდმივად ხაზს უსვამს ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებულ "განსხვავებებულ სოციალურ როლებს". საზოგადოების ნაწილის აზრით, ქალებს არ შეუძლიათ დაეუფლონ პროფესიებს, რომლებიც ტექნიკურ აზროვნებასთან და ტექნიკური უნარ-ჩვევების შეძენასთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიური სფერო ძირითადად მამაკაცების მიერ არის დომინირებული.
დღესაც, გოგოებს აქვთ შიში იმისა, რომ თუ ტექნოლოგიურ სფეროს აირჩევენ, საზოგადოებისგან კრიტიკას დაიმსახურებენ. სწორედ, კრიტიკის შიში ათქმევინებს ხშირად ბევრ მათგანს უარს იმაზე, რაც რეალურად აინტერესებს. თუმცა, შიშების დასაძლევად და საკუთარი თავის შესაბამის სფეროში საპოვნელად, არსებობს მრავალი უფასო კურსი, რომლებიც გვაძლევს შესაძლებლობას, მრავალჯერ გამოვცადოთ საკუთარი თავი და დავრწმუნდეთ, რომ შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც გულით გვსურს.
მოძრაობა ქალთა გაძლიერებისთვის ფემინისტური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში დაფუძნდა და რომლის მიზანია ქალთა და ქვიარ საზოგადოების უფლებების დაცვა და მათი გაძლიერება. ორგანიზაცია STEM მიმართულებით არსებულ პრობლემებს ნათლად ხედავს და სურს, ხელი შეუწყოს გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას არა მარტო ტექნოლოგიურ, არამედ ყველა სხვა სფეროში. სწორედ ამ მიზნით, მოძრაობა ქალთა გაძლიერებისთვის იწყებს საინტერესო და ინოვაციურ პროექტს სახელად "TECH ბანაკი აჭარაში მცხოვრები გოგოებისათვის" რომელიც ფონდი ტასოს (TASO Foundation) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
ბანაკში ჩართვა შეუძლიათ 16-დან 40 წლამდე გოგოებსა და ქალებს აჭარის რეგიონიდან, რომელთაც სურთ, შეისწავლონ ვებპროგრამირების საფუძვლების ძირითადი ელემენტები (HTML/CSS, JS). გარდა იმისა, რომ მონაწილეები შეძლებენ დაეუფლონ ვებპროგრამირების საფუძვლებს, მათ ექნებათ საშუალება, იმუშაონ მენტორთან, რომელიც მისცემს რჩევებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: თუ როგორ შექმნან პორტფოლიო, რათა მომავალში აღნიშნული მიმართულებით წარმატებით დასაქმდნენ და როგორ შეისწავლონ თვითდასაქმების პორტალის თავისებურებები და გამოიყენონ ისინი კარიერული განვითარების მიზნით.
ბანაკში რეგისტრაცია შესაძლებელია მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 2023 წლის 10 მაისის ჩათვლით, შერჩეულ კანდიდატებს15 მაისამდე დაუკავშირდებიან, ხოლო სწავლა დაიწყება 20 მაისს. ბანაკის ხანგრძლივობა 1.5 თვეა და მასში მონაწილეობა სრულად უფასოა.
კომენტარები