დებიუტი e-bike ბაზარზე, ახალი Predator-ები — რა გავიგეთ Next@Acer კონფერენციიდან
Acer ტექნოლოგიური გიგანტია, რომელიც მრავალი მიმართულებით სიახლეებს მუდმივად გვთავაზობს. კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ტექნოლოგიათა ხარისხი და დონე ყოველწლიურად იზრდება და სიურპრიზებსაც მივეჩვიეთ, თუმცა წლევანდელმა სიახლეებმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა.
20 აპრილს ტაივანში გამართულ ღონისძიებაზე Acer-მა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე წარადგინა: ebii — კომპანიის პირველი ელექტრო ველოსიპედი; Acerpure Pro Vero — სადებიუტო ჰაერის გამწმენდი; Vero სერიის ახალი ლეპტოპები; ბიზნეს ლეპტოპების ახალი ხაზი TravelMate; კრეატორებისა და დიზაინერებისთვის განკუთვნილი Acer Swift X 16 და, რა თქმა უნდა, გეიმერებისათვის უსაყვალესი Predator-ის განახლებები. ამ სტატიაში ღონისძიებაზე გამოჩენილ ტექნოლოგიებს გაგაცნობთ.
Acer ელექტრო ველოსიპედების ბაზარზე შედის — ახალი ebii ხელოვნური ინტელექტით იქნება აღჭურვილი
Acer-მა სიახლეებსა და ინოვაციებს უკვე დიდი ხანია მიგვაჩვია, თუმცა ebii თქვენს გაოცებას მაინც შეძლებს. ეს ერთძრავიანი, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ელექტრო ველოსიპედია, რომლის მართვის ჭკვიანი ყუთიც კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობისთვის საჭირო ყველა ფუნქციას მოიცავს. ebiiAssist უზრუნველყოფს, რომ ველოსიპედი გარემო პირობებთან და მძღოლის სურვილებთან მაქსიმალურ შესაბამისობაში იყოს. მძლავრი ბატარეა, უსაფრთხოების ფუნქციები და მინიმალისტური, მსუბუქი დიზაინი მომხმარებელს ქალაქის ქუჩებში გადაადგილებას მაქსიმალურად გაუმარტივებს.
"ახალთახალი Acer ebii ტექნოლოგიისა და კრეატიული დიზაინის მიმართულებით ჩვენი შრომის შედეგია, რასაც ემატება სურვილი იმისა, რომ გავაუმჯობესოთ მომხმარებლების მობილურობა და გამოცდილებები. ვინაიდან, ქალაქის მაცხოვრებლები ეძებენ უფრო კომფორტულ, უსაფრთხო და მწვანე ვარიანტებს, Acer ebii-ს AI მხარდაჭერა და უსაფრთხოების ინოვაციური ფუნქციები მისცემს მათ შესაძლებლობას, წავიდნენ უფრო შორს და სწრაფად", — განაცხადა Acer-ის ოპერაციების დირექტორმა, ჯერი კაომ.
ველოსიპედს გამოარჩევს დიზაინი. მის მთავარ დეტალს კონტროლის ყუთი წარმოადგენს, რომელიც ბატარეასაც მოიცავს. დიზაინის ეს ელეგანტური თავისებურება ბატარეის მარტივი დატენვისა და განახლების საშუალებას იძლევა.
ebii-ის ხელოვნური ინტელექტი იყენებს დიდ ინფორმაციას და ebiiGO აპლიკაციის საშუალებით იღებს დეტალებს მომხმარებლის შესახებ. ველოსიპედის მძღოლს შეუძლია, დააკავშიროს მობილური ველოსიპედთან Bluetooth-ის საშუალებით და გამოიყენოს აპლიკაცია რეკომენდებული მარშრუტის, ბატარეის მუხტის, გადაადგილების სისწრაფისა და სხვა საჭირო ინფორმაციის მისაღებად. მომხმარებელს წვდომა ექნება ebiiRide-თანაც, რომელიც ebiiAssist-თან ერთად უზრუნველყოფს, რომ ველოსიპედის ბატარეა შუა მგზავრობისას არასდროს დაიცალოს.
Acer-ის ელექტრო ველოსიპედის ბატარეის 100%-მდე დატენვას სულ რაღაც 2.5 საათი სჭირდება და ამ მუხტით ის 110 კილომეტრის გავლის საშუალებას იძლევა. MPS Energy-ის მიერ მოწოდებული ტექნოლოგია უჯრედების უნიკალურ განლაგებასა და დატენვის გაძლიერებულ უსაფრთხოებას მოიცავს. ამ სწრაფად დატენვადმა ბატარეამ მაქსიმალური სანდოობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არაერთი გამოცდა გაიარა.
მომხმარებელს შეუძლია, ველოსიპედს ბატარეა მარტივად მოხსნას და ის სხვა მოწყობილობების პორტატულ დამტენადაც კი გამოიყენოს.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, ebii აღჭურვილია განათების ჭკვიანი ტექნოლოგიით, რომელიც ავტომატურად ფუნქციონირებს და სიბნელეში გადაადგილებას მაქსიმალურად ამარტივებს. ასევე, მოწყობილობის უკანა ნაწილში დამონტაჟებული სენსორი აფრთხილებს მძღოლს, თუ მას უკანა მხრიდან სხვა ტრანსპორტი დიდი სიჩქარით უახლოვდება და შეჯახების საფრთხე არსებობს.
მნიშვნელოვანია ველოსიპედის უჰაერო საბურავებიც, რომელიც სრულად გადამუშავებადი მასალისგან არის დამზადებული და მოწყობილობის ეკომეგობრულობას ხაზს უსვამს. ebii-ის მძღოლს შეუძლია, დაშვებულ საბურავზე აღარასოდეს იდარდოს.
ამ ყველაფერთან ერთად, ველოსიპედი სულ რაღაც 16 კილოგრამს იწონის და მისი ალუმინის შენადნობის კორპუსი საკმაოდ მყარი და მარტივად მანევრირებადია.
Acer ეკომეგობრულ ხაზს Vero-ს ახალი ლეპტოპითა და პროექტორით აფართოებს
Vero-ს ხაზში სიახლეთა შორის ყველაზე გამორჩეულ სიახლეებს ლეპტოპი Acer Aspire Vero 15 და ლაზერული პროექტორი Acer Vero PL3510ATV წარმოადგენენ. ორივე მათგანი უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიური მომსახურების გარდა, ნახშირბადის გამოყოფის მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობასაც გვთავაზობს.
Aspire Vero 15 მე-13 თაობის Intel® Core™ პროცესორითა და ინტეგრირებული Intel® Iris® Xe graphics გრაფიკული ბარათითაა აღჭურვილი. Aspire Vero მრავალი ჯილდოს მფლობელი ხაზია, რომელიც PRC (post-consumer recycled) პლასტმასის ტექნიკის კორპუსში გამოყენებითაა ცნობილი, რაც გამძლეობას საერთოდ არ ამცირებს. ეს მწვანე ლეპტოპი ასევე აღჭურვილია 15 ინჩიანი FHD IPS მონიტორით, Acer VeroSense™-ით ბატარეის მენეჯმენტისათვის და 1440 პიქსელიანი QHD ვებკამერით, რომელიც მაქსიმალური ხარისხის უზრუნველსაყოფად Acer PurifiedView™-სა და Acer PurifiedVoice™-ს აერთიანებს.
გარდა ლეპტოპისა, Vero ხაზს დაემატა ლაზერული პროექტორი Acer Vero PL3510ATV Full HD-რეზოლუციით, 4800 ANSI ლუმენის დიოდითა და 30000 საათის ხანგრძლივობის ნათურით. ლაზერული პროექტორის ენერგიის შემნახველი დიზაინი ენერგიის გამოყენებას, სხვა ტიპის პროექტორებთან შედარებით, 48%-ით ამცირებს, რაც ხანგრძლივი გამოყენების პირობებში ეკოლოგიური კუთხით დიდ სხვაობას იძლევა. გარდა ამისა, პროექტორი აღჭურვილია 4 კუთხის კორექტირების ტექნოლოგიით და გამოსახულებას ზედაპირის შესაბამისად ავტომატურად არეგულირებს ისე, რომ გარჩევადი იყოს. ასევე, შესაძლებელია მოწყობილობის ლინზის მართვა და გამოსახულების გადაადგილება ისე, რომ მოწყობილობა ადგილზე დარჩეს.
აღსანიშნავია პროექტორის აუდიო სისტემაც, რომლის უმაღლესი ხარისხის დამსახურებითაც, მომხმარებლის გამოცდილება ბევრად სასიამოვნო და კომფორტული გახდება.
სადებიუტო Acerpure Pro Vero — ეკომეგობრული ჰაერის გამწმენდი
Acerpure-ის სადებიუტო პროდუქტის, ჰაერის გამწმენდი Acerpure Pro Vero-ს მთავარ ღირსებას მისი ეკომეგობრულობა წარმოადგენს. მის წარმოებისათვის აუცილებელი მასალების 35% PRC-ია, რაც პროცესში ნახშირორჟანგის გამოყოფას 20%-ით ამცირებს. ასევე, მოწყობილობა 100%-ით გადამუშავებადი მასალისგანაა დამზადებული.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის. Acerpure Pro Vero აღჭურვილია ჰაერის ხარისხის PM2.5 სენსორით, რომელიც აფიქსირებს უმცირეს ნაწილაკებს და მოქმედებას ავტომატურად იწყებს. ამის პარალელურად, მოწყობილობა მომხმარებელს ფერადი სიგნალებით ჰაერის ხარისხის შესახებ აწვდის ინფორმაციას და "მწვანე რეჟიმი" მის მოქმედების სიმძლავრეს თავად არეგულირებს.
ჰაერის გამწმენდის გამოყენება მოსახერხებელია ღამითაც, რადგან აქვს ჩუმი რეჟიმი, რომლის პირობებშიც ოპერირებს მაქსიმალურად ჩუმად, ყოველგვარი სიგნალების გარეშე. მოწყობილობის გაძლიერებული 3-in-1+ HEPA ფილტრი ბაქტერიებისა და საზიანო PM2.5 ნაწილაკების 99.9%-ს იჭერს. ასევე, ფილტრავს მავნე აირებსა და ალერგენებს, რაც არაერთმა ლაბორატორიულმა კვლევამ დაადასტურა.
ხოლო Acerpure Pro Vero-ს თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინი ნებისმიერ სახლსა თუ ოფისს დაამშვენებს.
TravelMate — საოფისე ლეპტოპების ახალი ხაზი ჰიბრიდული სამუშაო სივრცისთვის
კონფერენციაზე Acer-მა ბიზნეს ლეპტოპების ახალი ხაზი, TravelMate წარმოადგინა, რომლის მოდელებიც მე-13 თაობის Intel® Core™ vPro პროცესორით, 16:10 პრემიუმ მონიტორით, მძლავრი და გამძლე ბატარეით, თითის ანაბეჭდების წამკითხველითა და ინფრაწითელი (IR) კამერით იქნებიან აღჭურვილი.
ხაზში ამჟამად ხელმისაწვდომ მოდელებს TravelMate P6 14, TravelMate P4 14, TravelMate P4 Spin 14, TravelMate P2 14, TravelMate P2 16 წარმოადგენენ.
სერიის ყველაზე მძლავრ მოდელს Travelmate P6 14 წარმოადგენს. ეს თხელი და ძალიან მსუბუქი ლეპტოპი Intel® Evo™ დიზაინის მე-13 თაობის Intel® Core™ i7 პროცესორითა და 2.8K OLED დისპლეითაა აღჭურვილი.
რაც შეეხება TravelMate P4 14-ს, მას 2.2K რეზოლუციის დისპლეი აქვს, როცა TravelMate P4 Spin 14-ში WUXGA დისპლეის ვხვდებით. ორივე მათგანის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას უძლიერესი NVIDIA® GeForce RTX™ 2050 გრაფიკული ბარათი და მძლავრი ბატარეა წარმოადგენს.
TravelMate-ის უახლესი ლეპტოპებს Dust Defender ტექნოლოგიაც აქვთ, რაც მათ პერფორმანსსა და გამძლეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
Acer Swift X 16 — ლეპტოპი კრეატორებისა და დიზაინერებისთვის
გარდა TravelMate ხაზისა, Acer-მა ახალი Swift X 16 მოდელიც წარადგინა, რომელიც ნებისმიერი კონტენტ კრეატორისა და დიზაინერის სასურველი ლეპტოპი იქნება. კრეატორებისათვის განკუთვნილი ეს მოწყობილობა 16:10 OLED დისპლეის დამსახურებით, თვალისმომჭრელ ფერებსა და გამოსახულების ხარისხს გვთავაზობს.
მოხდენილი დიზაინისა და მძლავრი პერფორმანსის მქონე, სულ რაღაც 17.9მმ სისქის ამ ლეპტოპს AMD Ryzen™ 9 7940H პროცესორითა და NVIDIA® GeForce RTX™ 4050 Laptop გრაფიკული ბარათით კრეატიული პროექტების შექმნა შემდეგ საფეხურზე გადაჰყავს.
Acer Swift X 16-ის პროდუქტიულობას TwinAir-ის გაგრილების სისტემა და ძველ მოდელებზე დიდი ბატარეაც გაზრდის. მნიშვნელოვნად გაიზრდება ვიდეოზარებისა და სტრიმის ხარისხიც, რასაც Acer-ის TNR-ით აღჭურვილი (Temporal Noise Reduction) 1080p FHD კამერა უზრუნველყოფს.
Predator Triton 17 X და Predator Helios Neo 16 — Acer-ს არც გეიმერები დავიწყებია
Acer Predator Triton 17 X — მსოფლიოს უძლიერესი გეიმინგ ლეპტოპი
ცნობილი სერიის ახალთახალი მოდელი მინიმალისტურ დიზაინსა და მძლავრ მონაცემებს აერთიანებს. ის თანაბრად გამოსადეგია როგორც გეიმერებისთვის, ისე ადამიანებისთვის, რომლებსაც ის საოფისე საქმისთვის და მნიშვნელოვანი პროგრამებისთვის სჭირდებათ. აღსანიშნავია მისი ბატარეის ხანგრძლივობაც, რომელსაც მაღალი დატვირთვის პირობებში მთელი დღის განმავლობაში შეუძლია ოპერირება. Triton 17 X-ს გამოარჩევს მისი პორტატულობა და თხელი დიზაინიც, რაც გეიმინგ ლეპტოპების შემთხვევაში ხშირად ერთ-ერთი მთავარი დისკომფორტია ხოლმე.
Triton 17 X მრავალი კონფიგურაციით შეგვხვდება, მათ შორის 24 ბირთვიანი, 5.4 გიგაჰერცი სიხშირის მე-13 თაობის Intel Core i9 პროცესორითა და NVIDIA GeForce RTX 4090 Laptop გრაფიკული ბარათით. ძალიან მაღალ იქნება გამოსახულების ხარისხიც, რაზეც 17-ინჩიანი (16:10) დისპლეი იზრუნებს. ხელმისაწვდომი იქნება პანელის ორი კონფიგურაცია, მათ შორის ერთ-ერთი WQXGA mini-LED დისპლეი განახლების გასაოცარი 250 ჰერციანი სიხშირის მაჩვენებლით.
ბუნებრივია, ამ სიმძლავრის ლეპტოპს შესაბამისი გაგრილებაც სჭირდება. ამისათვის, Triton 17 X იყენებს Vortex Flow ტექნოლოგიას. ის სამი ქულერისგან შედგება, რომელთა შორისაც მე-5 თაობის ორ Gen AeroBlade™ 3D ქულერს ვხვდებით, რომელიც წინა მოდელებთან შედარებით ჰაერის დინებას 10%-ით აუმჯობესებს. გარდა ამისა, ლეპტოპს აქვს სპეციალური სითბური მილები პროცესორისთვის და სტრატეგიულად განლაგებული შემავალი და გამომავალი ვენტილაცია, რომელიც სითბოს ეფექტურ გადაცემასა და გამართულ პერფორმანსს უზრუნველყოფს.
Triton-ის სერიაში გვხვდება ახალი Predator Triton 14-იც, რომელიც თხელი ლეპტოპია გეიმინგისა და სამსახურისთვის. მის ყველაზე მძლავრ კონფიგურაციაში მე-13 თაობის Intel® Core™ i7-13700H პროცესორს, NVIDIA® GeForce RTXTM 4070 ან 4050 გრაფიკულ ბარათს, 32 გიგაბაიტამდე 6000 MHz LPDDR5 ოპერატიულ მეხსიერებას შევხვდებით. Triton 14 აღჭურვილი იქნება 14-ინჩიანი WQXGA (2560 x 1600) Mini LED დისპლეით, რომლის განახლების სიხშირეც 250 ჰერცს აღწევს.
Predator Helios Neo 16
რაც შეეხება ახალ Predator Helios Neo 16-ს, ის მოიცავს ყველა იმ მძლავრ კომპონენტს, რომლითაც ეს სერიაა ცნობილი, თუმცა მას წინამორბედებზე ხელმისაწვდომი ფასი ექნება.
Predator Helios Neo 16-ის კონფიგურაციათა შორის იქნება მე-13 თაობის Intel® Core™ HX პროცესორითა და NVIDIA GeForce RTX 4070 Laptop გრაფიკული ბარათით აღჭურვილი მოდელები. 32 გიგაბაიტამდე მოცულობის DDR5-4800 MHz ოპერატიული მხესიერება და 2 ტერაბაიტამდე PCIe NVMe SSD, რაც ელვისებურ სისწრაფეს უზრუნველყოფს. ამ ყველაფრის გრილად შესანარჩუნებლად, Helios Neo Acer-ის თანამედროვე გაგრილების სისტემას, მათ შორის სრულად მეტალის AeroBlade™ ქულერს იყენებს.
სიახლეთა შორისაა Predator Helios 3D 15 SpatialLabs™ Edition-იც, რომელიც ახლა იმაზე მძლავრია, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილა. მის ყველაზე მძლავრ ვარიანტში შევხვდებით Intel® Core™ i9-13900HX პროცესორს, 32 გიგაბაიტამდე DDR5-5600 MHz მეხსიერებასა და NVIDIA® GeForce® RTXTM 4080 გრაფიკულ ბარათს.
Predator Helios 3D 15-ის მთავარ ღირსებას მაინც მისი 15.6-ინჩიანი მონიტორის 3D შესაძლებლობები წარმოადგენს, რომელიც სცენებსა და პერსონაჟებს სამგანზომილებიანი გამოსახულებით გააცოცხლებს.
Predator Orion X და რკალისებური მონიტორები
Acer-მა განახლებული Predator Orion X-იც წარადგინა. ამ კომპაქტურ პერსონალურ კომპიუტერს წინა მოდელთან შედარებით, ბევრად ძლიერი, მე-13 თაობის Intel® Core™ i9-13900KS პროცესორი და სითხით გაგრილებადი NVIDIA® GeForce RTX™ 4090 გრაფიკული ბარათი ექნება. ქეისის დიზაინის ინსპირაციას კოსმოსური კაფსული წარმოადგენს. აღსანიშნავია თხევადი გაგრილების სისტემა, რაც ამ ზომის კომპიუტერისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა. ბუნებრივია, გეიმინგ კომპიუტერი განახლებების საშუალებას მუდმივად იძლევა. ქეისის წინა მხარე მაგნიტურია და მარტივად იხსნება, გვერდებში არსებული მეტალის ფირფიტები კი კომპონენტებს საიმედოდ იცავს. Intel i9-13900KS პროცესორი 24 ბირთვიანია და შეუძლია მიაღწიოს რეკორდულ, 6 გიგაჰერცი სიხშირის პერფორმანსს. გარდა ამისა, Orion X-ში ვხვდებით 32 გიგაბაიტამდე DDR5-5600 ოპერატიულ მეხსიერებასა და ორ M.2 2400 SSD-ს (თითოს 1 ტერაბაიტამდე მოცულობით).
Predator Orion X სულ რაღაც 9 კილოგრამს იწონის და ქეისში დამატებულია სამი სპეციალური ზონა, რომელიც მფლობელს დამატებითი კონფიგურაციების თავისუფლებას ანიჭებს.
ამ სიმძლავრის პერსონალურ კომპიუტერს შესაბამისი მონიტორიც სჭირდება და Acer-ის სიახლეებს შორის ორ მსგავს სათაურსაც ვხვდებით: Nitro XZ452CU V და Predator X34.
Nitro XZ452CU V 44.5 ინჩიანი რკალისებური მონიტორია, რომელიც როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ გეიმერებს ერთნაირად მოეწონებათ. ძალიან განიერი (5120x1440) მონიტორი, განახლების 165 ჰერციანი სიხშირით საშუალებას მისცემს მათ, რამდენიმე საქმე ერთდროულად აკეთონ. ამას ემატება AMD FreeSync™ Premium Pro, რომელიც ხარვეზებს მაქსიმუმამდე შეამცირებს და გეიმინგ გამოცდილებას შემდეგ საფეხურზე გადაიყვანს.
რაც შეეხება Predator X34 V-ს, ეს ძალიან სანდო მოწყობილობაა, რომელიც პროფესიონალი გეიმერების მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს. OLED UWQHD (3440x1440) რეზოლუციის, VESA DisplayHDR™ TrueBlack 400-ისა და DCI-P3 99% ფერთა გამის ერთიანობა საუკეთესო ხარისხის გამოსახულების გარანტიას იძლევა.
ეს 34-ინჩიანი გეიმინგ მონიტორი თამაშებს გასაოცარი, 175-ჰერციანი განახლების სიხშირით გააცოცხლებს. AMD FreeSync Premium™-თან და VRR-თან (Variable Refresh Rate) ერთად კი ხარვეზები მინიმუმამდე იქნება შემცირებული.
ამგვარად, Acer-მა ამჯერადაც დაამტკიცა, რომ ტექნოლოგიური შესაძლებლობები უსაზღვროა და სიახლეებს მუდმივად უნდა ველოდოთ. განახლებული ლეპტოპები, მონიტორები და პროექტორები იყო ის, რასაც გეიმერები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ელოდნენ, თუმცა Acer-მა მოლოდინებს გადააჭარბა და განსხვავებული ტექნოლოგიებიც შემოგვთავაზა. შესაბამისად, კომპანიის ერთგული მომხმარებელი შემდეგ კონფერენციას უფრო დიდი ინტერესით დაელოდება.
კომენტარები