ნახეთ: იუპიტერისკენ მიმავალმა ზონდმა JUICE დედამიწის ფონზე პირველი "სელფები" გადაიღო
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ახლახან იუპიტერის თანამგზავრების შესასწავლად თავისი პირველი მისია გაუშვა, რომელიც JUICE-ის სახელითაა ცნობილი. ზონდი ორბიტაზე რაკეტა Ariane 5-მა 14 აპრილს, თბილისის დროით 16:15 საათზე გაიყვანა. აპარატი მას 28 წუთში გამოეყო და გზა დამოუკიდებლად განაგრძო.
ახლა მას გეზი იუპიტერისკენ აქვს აღებული, მანამდე კი პირველი "სელფები" გამოგვიგზავნა. ახალ ფერად ფოტოებში ხომალდის ნაწილი დედამიწის ფონზე ჩანს, რომელიც ლაჟვარდისფრად ელვარებს.
JUICE რამდენიმე კამერითაა აღჭურვილი, მათ შორის ორი ასეთი ხელსაწყო მისი სისტემების სამონიტორინგო ნაწილზეა დამონტაჟებული. მაგალითად, ეს სისტემებია მზის პანელები და ანტენები. სწორედ ხსენებული კამერებით გადაიღო ზონდმა პირველი "სელფები", რომლებიც 1024 x 1024 პიქსელს აერთიანებს. სურათები მხოლოდ მცირედითაა შეფერადებული.
აპარატის წინა მხარეს სამონიტორინგო კამერა 1 (JMC1) არის განთავსებული, რომელიც ზედა სივრცეს დიაგონალურად აკვირდება და მის ობიექტივში მზის პანელები ხვდება. ამ ხედში მალე ანტენებიც გამოჩნდება, როცა JUICE მათ გაშლის.
ასევე, მას აქვს სამონიტორინგო კამერა 2 (JMC2), რომელიც ხომალდის თავზეა დამონტაჟებული. ის, წინა ხელსაწყოსგან განსხვავებით, ზონდის 16-მეტრიან სარადარო ანტენას RIME აფიქსირებს, რომელიც იუპიტერის თანამგზავრების გამოსაკვლევადაა შექმნილი.
RIME უახლოეს დღეებში ეტაპობრივად გაიშლება. ის მზის სისტემის აირის გიგანტად წოდებული პლანეტის თანამგზავრების — ევროპას, განიმედისა და კალისტოს —ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ არსებული გარემოს შესახებ ინფორმაციის მოპოვებას შეეცდება. ეს მეცნიერებს დაეხმარება, რომ ამ სქელი ფენის მიღმა განლაგებული ოკეანეები შეისწავლოს და დაადგინოს, რამდენადაა იქ სიცოცხლისთვის თავსებადი პირობები.
JUICE, ასევე, აღჭურვილია სამეცნიერო კამერით, რომელსაც ხომალდი იუპიტერისა და მის გარშემო მოძრავი ყინულოვანი თანამგზავრების მაღალი გარჩევადობის სურათების გადასაღებად გამოიყენებს. ეს 3031 წელს მოხდება, როცა ის 8-წლიანი კოსმოსური ვოიაჟის შემდეგ დანიშნულების ადგილამდე მიაღწევს.
სამონიტორინგო კამერები მთელი მისიის განმავლობაში აქტიური იქნება და ახალ-ახალი ფოტოებით გაგვანებივრებს. მათ შორის მაშინაც, როცა ზონდი 2024 წელს დედამიწისა და მთვარის სისტემას მოუახლოვდება, რათა იუპიტერისკენ გზაზე გრავიტაციული ბიძგი მიიღოს. ეს ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.
არაა გამორიცხული, რომ კამერებმა ვენერას შთამბეჭდავი კადრებიც დააფიქსიროს, რადგან zondi 2025 წელს გრავიტაციული ბიძგისთვის სწორედ მას ჩაუვლის. დედამიწას ის იმავე მიზნით 2026 წელსაც ეწვევა, რაც ბოლო იქნება. ამის შემდეგ JUICE იუპიტერის ორბიტისკენ წავა.
ეს ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში JUICE-ისგან გასაოცარ ფოტოებს უნდა ველოდოთ.
კომენტარები