ქუვეითის მედიაში ახალი ამბების პირველი AI წამყვანი გამოჩნდა — გაიცანით ფედა
ქუვეითის პირველმა ინგლისურენოვანმა მედიასაშუალებამ ახალი ამბების წამყვანი, სახელად ფედა წარადგინა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. ეს ნიშნავს, რომ Kuwait News-ზე ამიერიდან საზოგადოებას სიახლეებს სწორედ AI გააცნობს.
ფედას დებიუტის ამსახველი ვიდეო Kuwait News-მა საკუთარ ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
"მე ფედა ვარ, ქუვეითის პირველი წამყვანი, რომელიც Kuwait News-ში ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობს. როგორი სიახლეებით ხართ დაინტერესებული? გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები", — ამბობს ის არაბულად.
მედიისგან ეს ნაბიჯი გასაკვირი არაა, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ასეთი ტექნოლოგია სულ უფრო მეტად ვითარდება და უამრავ სფეროში გამოიყენება. Midjourney-ის მსგავსი კომპანიები რეალისტური ფოტოების მაგენერირებელი AI აპლიკაციების გაუმჯობესებულ ვერსიებს მალ-მალე უშვებენ, მათი მომხმარებლების რაოდენობა კი დღითიდღე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ ქუვეითი პირველი ქვეყანა არაა, რომელმაც ამგვარი სიახლე დანერგა. ეს ჯერ ჩინეთში, 2018 წელს მოხდა. მაშინ წამყვანის ხმა და გარეგნობა ნამდვილი რეპორტიორი კაცისას იმეორებდა და ისეთი დახვეწილი არ იყო, როგორიც ფედაა. რამდენიმე თვეში იქ ქალი AI წამყვანიც გამოჩნდა, რომელიც იმავე ტექნოლოგიით შექმნეს.
ამგვარი ინოვაცია ჟურნალისტური საქმიანობის გამარტივებასაც ემსახურება, რადგან ხელოვნურ ინტელექტს მუდმივად მუშაობა შეუძლია, დამატებითი ადამიანური რესურსის გარეშე. რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, რომ მან ამ მხრივაც ჩაგვანაცვლოს, მაგრამ ბოლო წლებში უფრო სერიოზული პრობლემა გამოიკვეთა, რაც დეზინფორმაციის გავრცელებაში მდგომარეობს. ეს იმიტომ, რომ AI-ის სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევა უჭირს.
რაც შეეხება ფედას, დეველოპერები ამბობენ, რომ მას შესაძლოა სათანადო აქცენტიც დაემატოს და სახის ვიზუალური მახასიათებლებით ქვეყნის მოსახლეობას მეტად დაემსგავსოს.
კომენტარები