დასავლეთ ინგლისში, საპორტო ქალაქ პლიმუტში, ვეტერინარებმა ლაბრადორის ნაჯვარი ძაღლი ალკოჰოლიზმისგან განკურნეს. ცხოველთა გადასარჩენად დაარსებულმა საქველმოქმედო ცენტრმა Woodside Animal Welfare Trust ამ უცნაური შემთხვევის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

2 წლის კოკო, კიდევ ერთ ძაღლთან ერთად, ზემოხსენებულ დაწესებულებაში მას შემდეგ მოხვდა, რაც მას პატრონი დაეღუპა. მალევე ორივე მათგანს კრუნჩხვები დაეწყო.

"იმ დროს ვეტერინარი ადგილზე იყო და ცხოველებს სათანადო დახმარება გაუწია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, კოკოს მეგობარი დაიღუპა. კოკო ძალიან ცუდად იყო და მუდმივ ყურადღებას საჭიროებდა.

ცხადი გახდა, რომ მას აღენიშნებოდა სიმპტომები, რომლებიც ალკოჰოლზე დამოკიდებულებაზე მიანიშნებდა. მან 4 კვირა სედაციურ მდგომარეობაში გაატარა, რათა ამ სიმპტომებს არ შეეწუხებინა და კრუნჩხვების რისკიც შემცირებულიყო", — ვკითხულობთ პოსტში.

კოკო.

ფოტო: Woodside Animal Welfare Trust/Facebook

ცოტა ხნის შემდეგ კოკოს მედიკამენტები მოუხსნეს და მან ნორმალური ძაღლივით მოქცევა დაიწყო. როგორც ცენტრში ამბობენ, ის ახალ ოჯახში შესასვლელად მზად არაა, რადგან მისი მენტალური მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, რაშიც შფოთვა იგულისხმება. ცხოველი ისევ ვეტერინართა მეთვალყურეობის ქვეშაა.

"არავინ იცის დეტალები, თუ როგორ აღმოჩნდნენ ეს ძაღლები ალკოჰოლთან დაკავშირებულ მსგავს სიტუაციაში, თუმცა ვიცით, რომ ჩვენი მზრუნველობის გარეშე კოკო, დიდი ალბათობით, ამ განსაცდელს ვერ გადაურჩებოდა", — აცხადებენ Woodside Animal Welfare Trust-ში.

ალკოჰოლით მოწამვლა ძაღლებში იშვიათია, რადგან ისინი ამგვარ სასმელს არ ეტანებიან. ამის მიუხედავად, გაუთვალისწინებელი რაღაცებიც ხდება. ალკოჰოლის საშიში დოზის განსაზღვრა ძნელია, ამიტომ თუ თქვენი ოთხფეხა მეგობარი შემთხვევით მას მიიღებს, სჯობს ვეტერინარს დაუკავშირდეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.