თბილისში კრიპტოვალუტის ტერმინალები გამოჩნდა
ახლახან Cryptal-ისა და PayBox-ის თანამშრომლობის შესახებ შევიტყვეთ: პარტნიორობის ფარგლებში კრიპტოვალუტის შეძენას უკვე სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან შევძლებთ. მათი წამოწყება საქართველოში კრიპტოს ხელმისაწვდომობის ზრდას ემსახურება, სპეციალური ტერმინალები კი ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში იქნება ხელმისაწვდომი.
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ფენომენი სტაბილურობით არ გამოირჩევა და აღმასვლებთან ერთად დაღმასვლებსაც ხშირად ვაწყდებით ხოლმე, მაინც რთულია იმის უარყოფა, რომ იგი მომავალი სამყაროს განუყოფელი ნაწილია.
ინტერნეტის ახალი თაობა, რომელსაც WEB3-ს ვუწოდებთ, სწორედ კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის ეკოსისტემაზე დგას. ისე, როგორც ერთ დროს ინტერნეტმა შეცვალა ჩვენი რეალობა, არსებობს იმის საფუძვლიანი ვარაუდიც, რომ ტექნოლოგიური ევოლუციის ახალი ეტაპი ბლოკჩეინ რევოლუცია იქნება. სწორედ კრიპტოვალუტაა ამის ფუნდამენტური კომპონენტი, რომელიც ახალი სამყაროს ეკონომიკურ მიმოცვლას ამყარებს და უზრუნველყოფს.
ამის გათვალისწინებით, გასაკვირი სულაც არაა, რომ კრიპტოვალუტები ყოველდღიურობაში უფრო და უფრო ფართოდ იკიდებს ფეხს, შედეგად კი მასზე მოთხოვნაც სტაბილურად იზრდება. მიუხედავად ამისა, მისი ხელმისაწვდომობის საკითხი მაინც დიდ გამოწვევად რჩება.
სწორედ ამ პრობლემის გადაჭრასა და ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავენ მიზნად Cryptal და PayBox: მათი თანამშრომლობის ფარგლებში კრიპტოვალუტას უკვე Paybox-ით, სწრაფი გადახდის ტერმინალებითაც, შეიძენთ სწრაფად და მარტივად — დაახლოებით ისე, როგორც გასაყიდი ტერმინალებიდან ვყიდულობთ ხოლმე სასუსნავებს.
ამისათვის სულ სამი რამ დაგჭირდებათ:
- დააჭერთ კრიპტოს შეძენას;
- აირჩევთ სასურველ კრიპტოვალუტას — Bitcoin, Litecoin ან Tether (USDT);
- მიიღებთ კრიპტოს საკუთარ Wallet-ზე.
სულ ესაა. საგულისხმოა ისიც, რომ, შესაძლოა, ჩამონათვალს სამომავლოდ სხვა კრიპტოვალუტებიც დაემატოს.
Cryptal და PayBox იმედოვნებენ, რომ მათი ამ წამოწყების მეშვეობით ქვეყანაში კრიპტოს შეძენის პროცესი გაცილებით სწრაფი და მარტივი გახდება — ვინ იცის, იქნებ ამ ყველაფრით კრიპტოვალუტის დამკვიდრებისა და მასობრივი ათვისების ტენდენციასაც ავუწყოთ ფეხი.
კომენტარები