სად გამოვცდით GPT-4-ს უფასოდ? — Microsoft-მა დაადასტურა, რომ მას თავიანთ ჩატბოტში იყენებენ
კომპანია OpenAI-მა სულ ახლახან გამოუშვა GPT-4, უახლესი თაობის ენის მოდელი, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას Microsoft უკვე იყენებდა თავის ჩატბოტ Bing-ში.
"მოხარული ვართ დავადასტუროთ, რომ ახალი Bing GPT-4-ზე მუშაობს", — ვკითხულობთ იუსუფ მეჰდის, Microsoft-ის წარმომადგენლის, ბლოგპოსტში — "თუკი ბოლო 6 კვირის განმავლობაში ახალი Bing გამოიყენეთ, OpenAI-ის უახლესი მოდელის ძალა წინასწარ უკვე გამოგიცდიათ".
OpenAi-ისა და Microsoft-ის პარტნიორობის ფარგლებში Bing საძიებო სისტემაში ხელოვნური ინტელექტი ცოტა ხნის წინ ჩაშენდა. მას შემდეგ იგი მეტად ინტერაქციულია და ძიების შედეგებში არა ბმულებს, არამედ შეჯამებულ პასუხებს გვთავაზობს.
Microsoft-ის ადრინდელი განცხადებით, Bing ჩატბოტი "Prometheus" მოდელზე მუშაობდა, თუმცა მხოლოდ ახლაღა გაცხადდა, რომ იგი GPT-4-ს იყენებს. მეჰდის თქმით, Bing-ის ფუნქციებზე სამომავლოდ OpenAI-ს სხვა წინსვლებიც აისახება.
საგულისხმოა, რომ კომპანია აუქმებს იმ შეზღუდვებს, რომლებიც ჩატბოტის მხრიდან უცნაური ქცევის ასარიდებლად დააწესეს. შედეგად მომხმარებლებს თითო სესიაზე 15 ცდა ექნებათ, დღის განმავლობაში კი — მაქსიმუმ 150.
გარდა GPT-4-ის გამოშვებისა და Microsoft-ის ამ განცხადებისა, ახლახან ისიც გავიგეთ, რომ Gmail-ს, Docs-სა და Google-ის სხვა პროდუქტებს AI ფუნქციები დაემატება. საჯაროდ ჩაეშვება მათი ენის მოდელი PaLM-იც. კომპანიის AI ჩატბოტი Bard ჯერჯერობით ისევ არაა ფართოდ ხელმისაწვდომი.
კომენტარები