იუპიტერის შესასწავლი პირველი ევროპული კოსმოსური მისია 13 აპრილს გაეშვება
იუპიტერის სისტემის შესასწავლად გამიზნული პირველი ევროპული პლანეტათაშორისი მისია JUICE საბოლოო მზადების პროცესშია. კოსმოსური ხომალდის გაშვება 13 აპრილს, საფრანგეთის გვიანაში მდებარე კოსმოდრომიდან იგეგმება.
ფუნქციური ტესტირებები და ათვლის რეპეტიცია უკვე წარმატებით განხორციელდა. სპეციალისტები ახლა აპარატისა და რაკეტის საწვავით მოსამარაგებლად ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაავრცელა. პოსტში ნათქვამია, რომ ხომალდი მალე დამცავ საფარში მოთავსდება და 2-საფეხურიანი Ariane 5-ის თავზე დამონტაჟდება.
JUICE-სს კოსმოსში 8-წლიანი ვოიაჟისთვის სწორედ Ariane 5 გაიყვანს, რომლისთვისაც ეს ბოლოს წინა ფრენა იქნება (აღნიშნული რაკეტა 1996 წლიდან გამოიყენება). თავად JUICE ევროპის პირველი ინდივიდუალური მისიაა მზის სისტემის გარეთა პლანეტის გამოსაკვლევად.
"ჩვენ ახლა ნამდვილად უკანასკნელ ეტაპზე ვართ. JUICE საფრანგეთში, ტულუზაში მდებარე Airbus-ის საწარმოო არეალიდან სამხრეთ ამერიკაში გაიგზავნა, სადაც ის ინჟინრების ჩართულობით 13 აპრილს საფრანგეთის გვიანადან რაკეტა Ariane 5-ით დაგეგმილი გაშვებისთვის საბოლოო მზადებას გადის", — აცხადებენ Airbus-ში.
თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, 6.6-ტონიანი ხომალდი იუპიტერამდე 2031 წელს მიაღწევს, რითაც მზის სისტემის უდიდესი პლანეტისა და მისი სამი თანამგზავრის — განიმედის, კალისტოსა ევროპას — შესწავლის პროცესი დაიწყება. 2035 წელს ის გახდება პირველი აპარატი, რომელიც სხვა ციური სხეულის ბუნებრივი თანამგზავრის (განიმედის) გარშემო ორბიტაზე იმოძრავებს.
JUICE აღჭურვილია 10 თანამედროვე სამეცნიერო ხელსაწყოთი, რომელთა მეშვეობითაც იუპიტერის თანამგზავრებსა და მათ შიდა სტრუქტურას უპრეცედენტო დეტალებში გამოვიკვლევთ. მას NASA-ს მისია Europa Clipper-იც შეუერთდება, რომელსაც მომდევნო წელს გაუშვებენ.
კომენტარები