მასკის უტოპია?! — მილიარდერი ტეხასში საკუთარ ქალაქს აშენებს
მასკს საკუთარი ქალაქი სურს, სადაც ხალხი ცხოვრობს და მისთვის მუშაობს
Space X-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ოსტინის გარეუბანში საკუთარი ქალაქის აშენებას გეგმავს. როგორც The Wall Street Journal იუწყება, მასკის ქალაქი ტეხასის შტატში იქნება.
ქალაქს Snailbrook ერქმევა — მასკის მიერ დაარსებული Boring Company-ის გასტროპოდის თილისმის სახელი. ეს ერთგვარი "ტეხასის უტოპია" იქნება, მდინარე კოლორადოს გასწვრივ, სადაც SpaceX-ის, Boring Company-ისა და Tesla-ს თანამშრომლებს შეეძლებათ იცხოვრონ, იმუშაონ და ეს ისე, რომ ადგილის დატოვება არ მოუწევთ.
ქალაქი, სადაც თანამშრომლები მუშაობენ, ისევე როგორც ცხოვრობენ და ერთობიან საინტერესოდ ჟღერს. თუმცა, ეს ყველაფერი მასკის, თუ იგივე დიდი ძმის თვალის ქვეშ იქნება.
საინტერესოა რეალურად როგორი იქნება ეს ქალაქი და არის თუ არა ის უტოპია. მიუხედავად მასკის თვითგამოცხადებული სიტყვის თავისუფლების აბსოლუტიზმისა, მილიარდერი კრიტიკას და განსხვავებულ აზრს დიდად არასდროს სწყალობდა. იყო შემთხვევები, როდესაც მასკი თანამშრომლებს სამსახურიდან პირადი უთანხმოების გამოც ათავისუფლებდა.
ამასთან, მასკი რეგულირების დიდი მოწინააღმდეგეა და საკუთარი მუნიციპალიტეტის აშენება მას და მის კომპანიებს თითქმის უამრავ კონსოლიდირებულ პიროვნულ ძალაუფლებას მისცემდა.
მართლაც, WSJ-ის თანახმად, მასკმა უკვე განიხილა და გამოიკვლია ბასტროპის ოლქში ქალაქის აშენება. ეს ტერიტორია ოსტინიდან დაახლოებით 50 კილომეტრის დაშორებითაა. იქ ამჟამად SpaceX-ისა და Boring-ის ობიექტები შენდება.
მედიის თანახმად, მასკის კომპანიებთან დაკავშირებულმა პირებმა და მათმა აღმასრულებლებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 3500 ჰექტარი მიწა უკვე იყიდეს. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთი ქუჩის სახელწოდება, მათ შორის 'Bring Boulevard", "Waterjet Way" და "Cutterhead Crossing", უკვე დამტკიცებულია ბასტროპის ოლქის ოფიციალური პირების მიერ.
გასულ წელს, Boring Company-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ დევისმა, რომელიც, ზოგიერთის აზრით, ფავორიტია Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე — თანამშრომლებს მოახსენა, რომ ქალაქს მერის არჩევნების ჩატარება მოუწევდა. და, როგორც New York Mag-ი აღნიშნავს, მასკისთვის ამ არჩევნების მოგება ყველას გაუჭირდება.
თუმცა მასკის ამბიციურ გეგმებს შეიძლება სერიოზული წინააღმდეგობები შეხვდეს, ეს განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა რეაქცია ექნებათ ადამიანებს, რომლებიც ბასტროპის ოლქში ახლაც ცხოვრობენ.
"მათ უნდათ, რომ ეს ყველაფერ საიდუმლოდ მოხდეს. ამ ყველაფრის გაკეთება ისე სურთ, რომ სხვებმა ჯერ ვერაფერი გაიგონ. მასკი ჩქარობს, უნდა, რომ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს. მე მაინტერესებს თუ რას გეგმავენ ისინი ზუსტად, რისი აშენება სურთ და როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ჩვენზე, ადგილობრივებზე", — განუცხადა WSJ-ს ჩაპ ამბროსმა, კომპიუტერულმა ინჟინერმა, რომელიც ბასტროპის ოლქის მაცხოვრებელია.
რა იქნება შემდეგი, ზუსტად არავინ იცის. არც ის ვიცით, თუ როგორი იქნება მასკის ქალაქი და რამდენ ხანში განხორციელდება ეს პროექტი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, პროცესი დაძრულია და ადგილობრივებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.
კომენტარები