ნებისმიერი მოგზაურის 15 ოცნება, რომელსაც 9 მილიონი ეყოფა
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რომ ჰკითხო, ბევრი ფული რომ გქონდეს რას იზამდიო, არ გიპასუხოს — ბევრს ვიმოგზაურებდიო.
მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აქტივობაა ცხოვრებაში. ყოველი ახალი ადგილი ახალ რაღაცას გასწავლის, ახალ მოგონებას გიტოვებს, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია მიუბრუნდე და გაიხსენო, დადგე კარგ ხასიათზე, მოუყვე სხვებსაც და ისინიც ასიამოვნო.
ყოველი სელფი და ფოტო კონკრეტული მომენტია, რომლის გახსენებაზეც მუცელში პეპლები ჩნდება, გეღიმება და მომენტალურად დგები კარგ ხასიათზე.
ბოლო პერიოდში მოგზაურობა შედარებით იაფია და ფუფუნების საგანს აღარ წარმოადგენს. ადვილად შეგვიძლია გავფრინდეთ ევროპაში - ქუთაისიდან ან თბილისიდან, გავიარ-გამოვიაროთ, ვენის, ბუდაპეშტის, ბარსელონას, ამსტერდამის, ვარშავას, პარიზის, ბერლინის, რომის და ბევრი სხვა ქალაქის ქუჩებში. გავერთოთ ჩვენს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. შევქმნათ საოცარი მოგონებები და ცხოვრების ბოლომდე გავიყოლოთ ეს გრძნობა.
ზოგადი ტურების სიიაფის მიუხედავად, ყველაზე ეგზოტიკური და უსაოცრესი მოგზაურობები ძნელად ხელმისაწვდომი და ძვირია. მაგრამ 9 მილიონი ყველაფერს ეყოფა. დავთვალეთ და ნამდვილად ასეა.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ საუკეთესო სამოგზაურო მარშრუტს, რომელსაც 9 მილიონი ეყოფა.
1. ახალი ზელანდია - ჰობიტონი
ბეჭდების მბრძანებელი ნანახი გექნებათ, ჰობიტი მაინც. თუმცა, შეიძლება არც ნანახი გქონდეთ და არც ძალიან გიყვარდეთ, მაგრამ ახალ ზელანდიაში აშენებული ეს პატარა სოფელი, რომელიც ტოლკინის შაირის მოდელია, აუცილებლად უნდა ნახოთ.
ამ ულამაზეს სოფელში სტუმრობისას დარწმუნებით, რომ ზღაპრები სინამდვილეა, რომ ტყეებში ელფები ბინადრობენ და ფეიერვერკებს გენდალფის მეგობარი ჯადოქრები უშვებენ ხოლმე დღესასწაულებზე.
ესტუმრეთ ბილბოსა და ფროდოს სახლს, ჰობიტების საყვარელ დუქანს, წვეულების ხეს და მოისმინეთ ჰობიტების საგმირო ამბები.
თუ ტოლკინის სამყარო არ გიტაცებთ და ვერც ამ სილამაზემ მოგხიბლათ, არაუშავს, ახალ ზელანდიას ბევრი სხვა სანახაობის შემოთავაზებაც შეუძლია.
კაიკაურას ყურე გულგრილს ვერ დაგტოვებთ. აქ შეგიძლიათ, ნახოთ, თითქმის ყველა სახეობის, ზღვის ძუძუმწოვრები. დელფინები, დიდი ვეშაპები, ზღვის ლომები.
2. ავსტრალია - ულურუ და დიდი ბარიერული რიფი
ახალი ზელანდიიდან ავსტრალიაში გადავინაცვლოთ. აქაურობის შესახებ ბევრი გექნებათ გაგონილი, ძირითადად ადგილობრივი სასტიკი ბუნების შესახებ, მაგრამ მოგზაურს შიში არ ეკადრება. შიში სირცხვილი არ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა დაძლიოთ და არ მისცეთ უფლება გველებს, ობობებსა და ნიანგებს, საოცარი მოგონებების შექმნაში ხელი შეგიშალოთ.
ულურუ: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ეს კლდე ფილმებსა და ფოტოებზე ბევრჯერ გექნებათ ნანახი. ავსტრალიის ჩრდილოეთით ულურუ-კატა ტიუტას ნაკრძალის შუა გულში წამოჭიმული ეს ბუნებრივი საოცრება, სუნთქვას შეგიკრავთ.
აქ ნახავთ უძველეს, წინარეისტორიულ ნახატებს გამოქვაბულებში, საოცარ ბუნებასა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, რომლის წარმოდგენაზეც კი ჟრუანტელი დაგივლით.
დიდი ბარიერული რიფი ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ადგილია დედამიწაზე, აქ უამრავი სახეობის ზღვის ცხოველი ბინადრობს და მათთან შეხვედრა ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ეს ბუნებრივი საგანძური აუცილებლად დაგარწმუნებთ, ჯერ თუ კიდევ გეპარებათ ეჭვი, რომ ჩვენი პლანეტა სამყაროში და ჩვენს გალაქტიკაში თუ არა, მზის სისტემაში მაინც ყველაზე ლამაზი და საოცარია.
ცხადია, ამ ორი ადგილის გარდა, ავსტრალია სავსეა საოცრებებით და შეგიძლიათ მთელი ქვეყანა მოიაროთ და ყველაფერი ნახოთ.
3. იაპონია - აოგაშიმა
იაპონიაზე ალბათ ყველას მთა ფუძიამა, საკურას ყვავილობა და სხვა უამრავი რამ გაგვახსენდა. თუნდაც ფუტურისტული ქალაქები, რომლებიც შეიძლება მომავლის წინასწარმეტყველებად განვიხილოთ და წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება დედამიწური მეგაპოლისები 22-ე საუკუნეში.
მათ შესახებ ალბათ ისედაც ყველამ ვიცით და იაპონიაში, გზად მან ყველგან შევივლით, მით უმეტეს, როცა ადამიანს 9 მილიონი გაქვს, ერთი ორი გადახვევა და ერთი ორი ზედმეტი რამის ნახვა არასოდეს გაწყენს.
ამჯერად კი აოგაშიმას ვულკანურ კუნძულს წარმოგიდგენთ.
ეს კუნძული ნამდვილი საოცრებაა, ფილიპინების ზღვის ნამდვილი მარგალიტი. მასზე პატარა სოფელიცაა, რომელშიც სულ 170 ადამიანი ცხოვრობს. როგორც ამბობენ, ძალიან სტუმართმოყვარეები არიან და ტურისტებს გულითადად ეგებებიან.
თუმცა მაინცდამაინც ტურისტული ადგილი არ არის. კუნძულზე რესტორანს ვერ შეხვდებით, აქ მხოლოდ ორი იაპონური ბარია, რომელშიც ადგილობრივების მომზადებული სასმელი შოჩუ შეგიძლიათ გადაჰკრათ და დატკბეთ უნიკალური ბუნებით.
4. ჩინეთი - დიდი კედელი და ბრინჯის ტერასები
იაპონიიდან პირდაპირ ჩინეთში გადავიდეთ. სანახავი აქაც ბევრია, მაგრამ ორი გამორჩეული ადგილი უნდა ვნახოთ.
ჩინეთის ლეგენდარული დიდი კედელი, რომელიც 21 196 კილომეტრზეა გადაჭიმული და რომელმაც საუკუნეებს, უამრავ ომსა და უბედურებას გაუძლო, გულგრილს არავის დატოვებს. კედელი ერთ-ერთი ყველაზე პოპ-ადგილია მსოფლიოში, მაგრამ თუ ავსტრალიაში გველებმა და ობობებმა ვერ შეგვაშინეს, მაშინ ვერც ტურისტთა არმია შეგვაკავებს აქ სტუმრობისგან.
დანიშნულების შემდეგ ადგილი ლონგჯის ბრინჯის ტერასებია. ჩინური სამზარეულო და ბრინჯი განუყოფელი ნაწილებია. ჩინური თუ არა ჩინური, ბრინჯი ალბათ თქვენც გიყვართ, თუნდაც ტკბილ ფლავში. სოფლის მეურნეობა შეიძლება ერთი შეხედვით მოსაწყენი იყოს, მაგრამ აქაურობა აუცილებლად უნდა ნახოთ.
დასავლეთ საქართველოში მთაზე გაშენებულ ყანებთან ვერ მივა, მაგრამ მაინც ლამაზია.
5. ინდოეთი - ჩიტორგარის ციხესიმაგრე და მინახშის ტაძარი
რა თქმა უნდა ინდოეთშიც ბევრი ადგილია მოსავლელი, ტაჯ მაჰალი, წითელი ციხესიმაგრე, დელი, მუმბაი, ვარანასი და ა.შ. მაგრამ აწი დროა შევთანხმდეთ, რომ ასეთ ცნობილ ადგილებს თავისთავად ვგულისხმობთ.
ჩიტორგარის ციხესიმაგრე ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხესიმაგრეა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. რა თქმა უნდა მისი კედლები ინდური კედლის გრავიურებით არის მოფენილი და თითოეული დეტალის დათვალიერება ერთი სიამოვნებაა.
მინახში ამანის ტაძარი, ალბათ, ერთ-ეთი ყველაზე ლამაზი კომპლექსია მსოფლიოში, ტაძრების ფასადი გრავიურებითაა მოფენილი. დიდი აღწერით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ ნახეთ, რა სილამაზეა და აუცილებლად ესტუმრეთ აქაურობას.
6. კამბოჯა - ანგკორ-ვატი
ანგკორ-ვატი მსოფლიოში ყველაზე დიდი რელიგიური მონუმენტია. კხმერთა იმპერიის დედაქალაქი და არქიტექტურული შედევრი ყველა მოგზაურის სანატრელი დანიშნულების ადგილია.
ეს ქალაქი, რომელიც ადრე ინდუისტური, შემდეგ კი ბუდისტური ცენტრი იყო, 1, 626, 000 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული.
7. იორდანია - პეტრა
კლდეში ნაკვეთი ეს უძველესი ქალაქი, რომელსაც ფერის გამო ვარდის ქალაქსაც უწოდებენ, აუცილებლად უნდა ვესტუმროთ. პეტრა იორდანიის სიმბოლოა, აქაურობას მილიონობით ტურისტი სტუმრობს. აქ უამრავი ფილმია გადაღებული, ინდიანა ჯონსი, ტრანსფორმერები და სხვ.
8. ტანზანია - სერენგეტის ეროვნული ნაკრძალი
არც ერთი მოგზაურობა არ შეიძლება დაიგეგმოს აფრიკის გარეშე. აქაური ბუნება ერთ-ერთი ყველაზე საოცარია მსოფლიოში. თავი დისქავერისა და ნათჯეოს დოკუმენტურ ფილმებში გეგონებათ.
ტური ჯიპებით საუკეთესო გასართობია მსოფლიოში. ახლოდან ნახეთ ჟირაფები, ავაზები, სპილოები, ლომები და სხვა უამრავი ცხოველი. ოღონდ არ ინადიროთ, ნადირობა ცუდია. მაგრამ დამეთანხმებით, აქაურ ულამაზეს ცხოველებზე ხელი რომ შემოგიბრუნდეთ და ჩახმახს გამოჰკრათ, ძალიან ძნელი იქნება.
9. ზამბია - ზიმბაბვე - ჩანჩქერი ვიქტორია
ეს ჩანჩქერი მდინარე ზამბეზიზე მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე მძლავრია.
წყალი ასი მეტრის სიმაღლეზე ვარდება და ფსკერი მდინარის ზედაპირიდან 30 მეტრზეა. ადგილობრივები ვიქტორიას, მისი შხეფების გამო, “გრუხუნა ნისლს” უწოდებენ.
10. ჩრდილოეთ აფრიკა - საჰარის უდაბნო
რა თქმა უნდა, აქაურობა დასასვენებლად და წამოსაწოლად არ გამოდგება, მაგრამ საჰარის უდაბნო, თავისი ქვიშით, პატარ-პატარა ქარიშხლებით და ქარავნებით, ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადგილია ჩვენს პლანეტაზე.
აქ დარწმუნდებით, რომ დედამიწას და ბუნებას, არაფრისგანაც შეუძლია სილამაზის შექმნა.
11. ბელიზი - დიდი ლურჯი ორმო
დიდი ლურჯი ორმო ბუნების ერთ-ერთი საოცრებაა. დიამეტრი 300 მეტრი აქვს, ხოლო სიღრმე 124 მეტრი.
აქაურობა დაივინგის მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ, თუმცა თუ ეს აქტივობა დიდად არ გიტაცებთ, ორმოს თავზე გადაფრენა ან კატერით გაცურვა, ერთობ სასიამოვნო რამეა.
12. ბოლივია - სალარ-დე-უიუნი
ცის სარკე. ბოლივიის მარილის ვაკე, რომელზე დამდგარი წყალიც მთელს ცას ირეკლავს და შეიძლება ვერც კი გაარჩიოთ სად იწყება მიწა და სად ზეცა.
10, 582 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ბუნების ეს საოცრება, აუცილებლად უნდა ნახოთ. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ცასა და ღრუბლებზე ფეხით იაროთ.
13. ანტარქტიდა
ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური და ხელმიუწვდომელი ადგილი მოგზაურთათვის. მაგრამ თუ 9 მილიონი გაქვს, შეგიძლია ეს სამოგზაურო ოცნებაც ადვილად აისრულო. ტურები ანტარქტიდისკენ საკმაოდ ძვირია. მაგრამ 9 მილიონი გვეყოფა.
აქ შეხვედებით პინგვინებს, სელაპებს, კუზიან ვეშაპებს, ცელნამლაგა ვეშაპებს და სხვა უამრავ ცხოველს. ნახავთ მეცნიერთა ბანაკებს და ყველაფერთან ერთად მსოფლიოში ყველაზე მშვიდადაც დაისვენებთ.
14. ჩილე - მარმარილოს გამოქვაბულები
გენერალი კაკრერას ტბაში მდებარე ეს გამოქვაბულები, რომლებსაც ათასწლეულების განმავლობაში ქმნიდა ბუნება, ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადგილია პლანეტაზე.
გამოქვაბულის კედლები წყლის ლურჯ ფერს ირეკლავს და ადამიანს შეიძლება წყლისა და კლდეების ერთმანეთისგან გარჩევაც გაუჭირდეს.
15. ეკვადორი - გალაპაგოსის კუნძულები
ეს კუნძული ჩარლზ დარვინის წყალობით გახდა ცნობილი. მეცნიერი აქ სხვადასხვა ენდემური ჯიშების შესასწავლად ჩამოვიდა.
აქაური ფლორა და ფაუნა ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია მსოფლიოში და არათუ ყველა მოგზაურმა და მეცნიერმა, არამედ ყველა ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს.
ამ სიაში ბევრი საოცარი ადგილი გამოვტოვეთ, მათ შორის — ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, რადგან ყველას ჩამოთვლა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. 9 მილიონიც, ცხადია, გაცილებით მეტ ადგილზე წასასვლელად გვეყოფა.
დისკუსია: იყო ამ სიაში თქვენი საოცნებო ადგილი?