სამეცნიერო ვიდეოები უკვე ქართულად — YouTube-ზე უკვე Minute Physics-ისა და Minute Earth-ის თარგმანებს შეხვდებით
ამერიკული ვიდეო არხების — Minutephysics და MinuteEarth ვიდეოები ქართულ ენაზეც უკვე ხელმისაწვდომია. აღნიშნული არხები ყველასათვის გასაგებ და პოპულარულ ენაზე ხსნის სხვადასხვა რთულ მეცნიერულ მოვლენებს, ფიზიკას, ქიმიას, დედამიწის კვლევის საკითხებს და ა.შ.
თავდაპირველად, 2011 წელს, ფიზიკოსმა ჰენრი რაიხმა შექმნა არხი Minute Physics და ცდილობდა მოკლე ვიდეოებში მარტივი ჩანახატების დახმარებით აღეწერა და აეხსნა ფიზიკის კომპლექსური მოვლენები.
მალევე, მან წამოიწყო მეორე არხიც, Minute Earth, რომელიც იგივე სტილით ამჯერად დედამიწაზე არსებულ სხვადასხვა მოვლენებს ხსნის.
ორივე არხი შედის იუთუბის საგანმანათლებლო და სამეცნიერო არხების ტოპ ათეულებში, არხების ოფიციალური მხარდამჭერები არიან: Google, Brilliant.org, Amazon…
არხების დამფუძნებელთან ჰენრი რაიხთან და მის გუნდთან ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ, 2020 წელს, ქართულმა საგანმანათლებლო პლატფორმამ "ახალი ჰორიზონტები", მათთან გააფორმა ხელშეკრულება და დაიწყო ვიდეოების ქართულ ენაზე გადმოტანა და გავრცელება.
2023 წლის იანვრიდან კი ქართულად ნათარგმნი ვიდეოები აქტიურად ვრცელდება იუთუბ არხზე სახელწოდებით "MinutePhysics and MinuteEarth ქართულად".
ქართულ ენაზე სამეცნიერო YouTube არხის არსებობა მნიშვნელოვანია როგორც მეცნიერების მოყვარულთათვის, ასევე საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტების, სკოლის მასწავლებლებისა თუ მოსწავლეებისათვის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი თანამედროვე მეცნიერული არხების თარგმნა ასევე განაპირობებს ქართული ენის, როგორც სამეცნიერო ენის განვითარებასაც.
ვინაიდან არხებმა მილიონობით ბავშვი მოიზიდა და დააინტერესა მეცნიერებით, Forbes- მა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა არხის თანადამფუძნებელთან. ინტერვიუ იხილეთ აქ.
ამ ეტაპზე არხის გადმოქართულება დამოუკიდებელი რესურსებით მიმდინარეობს, ჯგუფი "ახალი ჰორიზონტები" მოხარული იქნება ნებისმიერი დაინტერესებით, კონტრიბუციითა და განიხილავს თანამშრომლობის შეთავაზებებსაც.
საკონკოტაქტო ინფორმაციაა: [email protected], ტასო გეგია.
პროექტზე მუშაობენ: ტასო გეგია, ზურა ძმიაშვილი, თიკა წერეთელი, ნიკო ამბოკაძე. მადლობა კონტრიბუტორებსა და მხარდამჭერებს: გიორგი გზირიშვილს, ჰერმან საბოს, ნინა გოგაძეს, ელენე ჭუმბურიძეს და პლატფორმა NEXT.On.ge-ის, დათო სამნიაშვილსა და ხატია თორდუას.
კომენტარები