ახალი თეორიის მიხედვით, ბნელი ენერგიის წარმოშობა შავ ხვრელებთანაა დაკავშირებული
შავი ხვრელები კოსმოსური გიგანტებია, რომლებიც იზიდავენ და ანადგურებენ ახლოსმყოფ ობიექტებს. ახლა კი, მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა პირველი მტკიცებულება, რის მიხედვითაც შავი ხვრელები სამყაროს გაფართოებას აჩქარებენ. ეს კოლოსალური ობიექტების შიგნით ბნელი ენერგიის წყალობით.
ახალი თეორია მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფს ეკუთვნის, რომლებმაც შავი ხვრელების ზრდის ტემპი ერთმანეთს შეადარეს. შედეგად დაადგინეს, რომ მასიური ობიექტების მახლობლად დაფიქსირებული გაფართოება შეიძლება აიხსნას იდუმალი ძალის ბირთვით, რომელიც ცნობილია ბნელი ენერგიის სახელით.
შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
ახალი თეორია ირწმუნება, რომ ბნელი ენერგიის წარმოშობა გაარკვია
ბნელი ენერგიის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. ამ ძალის არსებობის იდეა განპირობებულია მისი გრავიტაციული ზემოქმედებით კოსმოსურ ობიექტებზე და არა რაიმე პირდაპირი დაკვირვებით.
ბნელი ენერგია პირველად 1990-იან წლებში იქნა შემოთავაზებული. მეცნიერები ამით სამყაროს აჩქარებული ტემპით გაფართოებას ხსნიან. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ბნელი ენერგიაა სამყაროს გაფართოებაზე პასუხისმგებელი.
საერთაშორისო ასტრონომთა ჯგუფის მიხედვით, ბნელი ენერგია გალაქტიკების ცენტრშია, განსაკუთრებით ზემასიურ შავ ხვრელებში. გუნდი 17 მკვლევრისგან შედგება, ცხრა სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ თავიანთი დასკვნები ორ ნაშრომში The Astrophysical Journal-სა და The Astrophysical Journal Letters-ში გამოაქვეყნეს.
"ეს მართლაც გასაკვირი შედეგია", — განმარტა კვლევის თანაავტორმა დოქტორ დეივ კლემენტსმა. "ჩვენ დავაკვირდით თუ როგორ იზრდება შავი ხვრელები დროთა განმავლობაში და შესაძლოა კოსმოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემაზე პასუხს მივაგენით."
კვლევის თანაავტორმა, დოქტორმა კრის პირსონმა, STFC RAL Space-დან, აღნიშნა, რომ თუ თეორია გამართლდება, ეს რევოლუციას მოახდენს მთელ კოსმოლოგიაში. ამით აიხსნება ბნელი ენერგიის წარმომავლობა.
შემდეგი პოდკასტი: ბნელი მატერია და ბნელი ენერგია — სამყაროს უხილავი ნაწილი
შავი ხვრელის მონაცემები ცხრა მილიარდი წლის განმავლობაში
მკვლევრები დასკვნამდე შავი ხვრელის ცხრა მილიარდი წლის ევოლუციის შესწავლით მივიდნენ. მათ ახალგაზრდა გალაქტიკების შავი ხვრელები უძველესი გალაქტიკების შავ ხვრელებს შეადარეს. საუბარია ისეთ ძველ გალაქტიკებზე, სადაც ვარსკვლავები აღარ იბადებიან.
ახალგაზრდა გალაქტიკებში შავი ხვრელები ახლომდებარე ვარსკვლავებისა და სხვა კოსმოსური ობიექტების შთანთქმით იზრდება. თუმცა, უძველეს გალაქტიკებში მსგავსი "საკვები" ცოტაა შემორჩენილი.
კვლევისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შავი ხვრელები ძველ გალაქტიკებში 7-დან 20-ჯერ უფრო მასიური იყო, ვიდრე ეს წარმოგვედგინა. გაჩნდა იდეა, რომ შეიძლება არსებობდეს სხვა პროცესი, რომელიც განაპირობებს ამ მოულოდნელ ზრდას.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს ზრდა გამოწვეულია "კოსმოლოგიური შეერთებით", რაც იმას ნიშნავს, რომ შავი ხვრელების ევოლუცია დაკავშირებულია სამყაროს გაფართოებასთან. მათ მიაჩნიათ, რომ კვლევამ ამ ფენომენის დაკვირვების პირველი მტკიცებულება აღმოაჩინა.
როგორც The Guardian-ის მოხსენებაშია ნათქვამი, ახალ თეორიას გარკვეული გზა აქვს გასავლელი, სანამ საბოლოო აღიარებას არ მოიპოვებს. მკვლევრები ვერ იძლევიან ახსნას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შავი ხვრელები ერთდროულად მათ სიახლოვეს არსებულ ყველა ობიექტს იწოვდნენ და პარალელურად სამყაროს გაფართოებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფს მიაჩნია, რომ ახლოს არიან ბნელი ენერგიის წარმომავლობის ახსნასთან. ცნობისთვის, ბნელი ენერგია მთელი სამყაროს 70 პროცენტს შეადგენს.
კომენტარები