მასკის თქმით, შესაძლოა, Starlink-ის სატელიტები მესამე მსოფლიო ომის ირიბ მიზეზად იქცეს
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, ტვიტერზე გამოქვეყნებული ექსცენტრული პოსტებით სახელგანთქმულია. ახლახან მილიარდერმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომლითაც ყოფილ ასტრონავტ სკოტ კელის გამოეხმაურა.
კელიმ მას უკრაინისთვის Starlink-ის სატელიტებზე სრული წვდომის აღდგენა სთხოვა, რათა ქვეყანამ აგრესორ რუსეთს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს. საქმე ისაა, რომ აღნიშნულ სერვისს ისინი სამხედრო მიზნებისთვის ვერ იყენებენ, რადგან კომპანიამ მათ ამ მხრივ გარკვეული შეზღუდვა დაუწესა.
"უკრაინას თქვენი უწყვეტი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება. გთხოვთ, აღადგინოთ Starlink-ის სატელიტების სრული ფუნქციონალურობა. გენოციდური ინვაზიისგან თავდაცვა თავდასხმის შესაძლებლობა არაა, ეს გადარჩენას ემსახურება. უდანაშაულო სიცოცხლეები დაიკარგება, თქვენ კი დახმარება შეგიძლიათ", — წერს სკოტ კელი პოსტში.
ამ ტვიტის გამოქვეყნებიდან თითქმის ერთი დღის შემდეგ სამხრეთაფრიკული წარმოშობის ბიზნესმენმა კელის პასუხი გასცა. როგორც მისი განცხადებიდან ვიგებთ, მასკს ეშინია ან უბრალოდ არ უნდა, რომ პროექტ Starlink-ის ინტერნეტსერვისი სიტუაციის გამწვავების მიზეზად იქცეს.
"საკმაოდ ჭკვიანი ხართ იმისთვის, რომ მედიისა და სხვა პროპაგანდისტული წყაროების დეზინფორმაცია დაიჯეროთ.
Starlink უკრაინისთვის კომუნიკაციის მთავარი საყრდენია, განსაკუთრებით ფრონტის ხაზებში, სადაც ყველა სხვა ინტერნეტკავშირი განადგურებულია.
ჩვენ არ დავუშვებთ კონფლიქტის გამწვავებას, რაც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომს დაედოს საფუძვლად", — ვკითხულობთ მასკის ტვიტში.
გაურკვეველია, როგორ შეიძლება უკრაინის მხრიდან Starlink-ის გამოყენებით უკეთესმა თავდაცვამ მესამე მსოფლიო ომი გააჩაღოს, მაგრამ ფაქტია, რომ მასკი ძალიან ფრთხილობს.
"SpaceX-ის კომერციული ტერმინალები, როგორც სხვა კომერციული პროდუქტები, კერძო გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და არა სამხედრო მიზნებისთვის, მაგრამ ისინი არ გაგვითიშავს.
ვცდილობთ, სწორად მოვიქცეთ, 'სწორი' კი აქ ძალზე რთული მორალური საკითხია", — წერს მასკი სხვა პოსტში.
კომენტარები