გამოავლინეს პინგვინის პრეისტორიული სახეობა, რომლის წარმომადგენლებიც გორილას წონის იყვნენ
დღესდღეობით ახალი ზელანდია ფრინველთა უნიკალური და განსხვავებული სახეობების პოპულაციებითაა გამორჩეული, მათ შორისაა ზღვის ფრინველები და არამფრენი არსებები, როგორიც, მაგალითად კივია. მათი უმეტესობა დიდი ზომის ნამდვილად არაა, თუმცა მეცნიერებმა გადაშენებული პრეისტორიული ცხოველი გამოავლინეს, რომელიც სწორედ ამ ტერიტორიაზე ბინადრობდა და უზარმაზარი იყო.
საუბარია პინგვინებზე, რომელთა წონაც ზრდასრული გორილას ან საშუალო ზომის დათვისას უთანაბრდებოდა. მათ შესახებ სპეციალისტებმა 2017 წელს აღმოჩენილი ძვლების ანალიზის შედეგად შეიტყვეს, რომლებსაც სხვა, უფრო პატარა (მაგრამ თანამედროვე პინგვინებთან შედარებით, დიდ) ჩონჩხებთან ერთად მიაგნეს. გიგანტურ ფრინველთა სახეობა Kumimanu fordycei-ის სახელითაა ცნობილი, რაც მაორის ენაზე "ურჩხულ ფრინველს" ნიშნავს.
ნაპოვნი ბარძაყის ძვლის სამგანზომილებიანი მოდელირების გზით მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ Kumimanu fordycei-ის წარმომადგენლები დაახლოებით 154 კილოგრამს იწონიდნენ. სიმაღლის გამოთვლა კი უფრო რთული აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 1.5 მეტრი იყო.
რაც შეეხება შედარებით მცირე ზომის პინგვინებს, მათი წონა 50 კილოგრამამდე უნდა ყოფილიყო. შედარებისთვის, ამჟამად დედამიწაზე მობინადრე უდიდესი პინგვინი "იმპერატორი", იგივე Aptenodytes forsteri, 1.2 მეტრი სიმაღლისაა, მისი წონა კი 40 კილოგრამია.
ავტორების თქმით, ეს გიგანტური პინგვინები დინოზავრების გადაშენების შემდგომ პერიოდში არსებობდნენ, როცა წყლის ბინადარ საშიშ მტაცებელთა რაოდენობა მცირე იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მათ საფრთხეს შეუქმნიდა.
"თუ 0.5-კილოგრამიანი პინგვინი ხარ, თოლიას შეუძლია, თავი მოგაწყვიტოს, მაგრამ 136-კილოგრამიან პინგვინს მოახლოებული თოლიის არ უნდა ეშინოდეს, რადგან ის მას უბრალოდ გაჭყლეტს", — აცხადებენ მეცნიერები.
ავტორთა თქმით, ეს არსებები დიდი ზომის წყალობით წყალში შესაძლოა, კარგად ყვინთავდნენ და სითბოს ინარჩუნებდნენ. ასევე, მათი ერთგვარი ფარფლები (ყოფილი ფრთები) ფრინველ წინაპართაგან შემორჩენილი რუდიმენტული მახასიათებლების გამო ნაკლებად განვითარებული იყო. შესაბამისად, ასკვნიან, რომ პინგვინები ასეთი მოზრდილები მანამდე იყვნენ, სანამ ცურვას უკეთ ისწავლიდნენ.
მეცნიერები არ ელიან, რომ ამაზე უფრო დიდ სახეობასაც აღმოაჩენენ, რადგან Kumimanu fordycei ზედა ზღვართან ძალიან ახლოსაა. მათი ნაშრომი გამოცემაში Journal of Paleontology გამოქვეყნდა.
კომენტარები