რა არის ჰავაის თავზე გაჩენილი იდუმალი სპირალი, რომელზეც ყველა ლაპარაკობს?
18 იანვარს ჰავაიზე მდებარე მაუნა-კეას ვულკანის თავზე უჩვეულო რამ გამოჩნდა — მცირე ზომის სპირალისებრი წარმონაქმნი, რომელიც ფორმით გალაქტიკას ჰგავდა. ღამის ცაზე ის სწრაფი ბრუნვით გადაადგილდებოდა, სანამ შვერილები კაშკაშა წერტილის გარშემო არსებულ წრედ არ გარდაიქმნა, ბოლოს კი გაქრა.
ეს გასაოცარი კადრები სუბარუს ტელესკოპზე დამონტაჟებულმა ხელსაწყომ, სახელად Subaru-Asahi Star Camera, გადაიღო. უცნაური ფენომენის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებსა და მედიაში მალევე ვირუსულად გავრცელდა, საზოგადოების ნაწილის მხრიდან კი გამოითქვა მოსაზრება, რომ სპირალი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი იყო. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები მას ობსერვატორიის ხარვეზსაც მიაწერდნენ.
მაინც რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში?
იქიდან გამომდინარე, რომ იაპონიის კუთვნილი სუბარუს ტელესკოპი ღამის ცის დეტალურ და მკაფიო სურათებს უკვე მრავალი წელია, შეუფერხებლად აფიქსირებს, მისი გაუმართაობით გამოწვეული ცრუ გამოსახულების მიღება გამორიცხულია. თავად ობსერვატორიის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს მოვლენა, დიდი ალბათობით, ილონ მასკის კომპანია SpaceX-სს უკავშირდება.
18 იანვარს, ჰავაის თავზე სპირალის გამოჩენამდე გარკვეული ხნით ადრე, რაკეტა Falcon 9-ის მონაწილეობით მისია განხორციელდა. ის ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული კოსმოდრომიდან დილის საათებში გაფრინდა, რათა დედამიწის ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრი გაეყვანა.
უჩვეულო ობიექტი, სავარაუდოდ, რაკეტისგან გამოყოფილი პირველი საფეხურის საწვავისგანაა წარმოქმნილი, რომელიც ჰაერში გადმოიღვარა, როცა აპარატის ნაწილი უკან ეშვებოდა.
აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის ამგვარი მისიების შემდეგ ცაში მსგავსი სპირალები ადრეც შეუმჩნევიათ. ერთ-ერთი მათგანი სუბარუს ტელესკოპმა აპრილში გადაიღო, თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში ობიექტი გამორჩეულად მკაფიოდ ჩანდა.
კომენტარები